კონფერენს ლიგის განმეორებითი მატჩი - „სპაერი“ VS „აუსტრია“ პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
31 ივლისს, 20:00 საათზე „მიხეილ მესხი 2-ზე“ „სპაერი“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლებს. ვენაში მოგების (2:0) შემდეგ ავსტრიული გუნდი ფავორიტია, მაგრამ საქართველოს თასის მფლობელის მწვრთნელმა, ანზორ კიღურაძემ იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი მცირე შანსის გამოყენებას შეეცდება.
„ჩვენსა და „აუსტრიას“ შორის უდიდესი სხვაობაა. „სპაერს“ ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც არ აქვს. წინა შეხვედრაში ბევრი ისეთი მომენტი იყო, რაც აქამდე არ გვენახა. ავსტრიაში ნაჩვენები თამაშის ხარისხი ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, რასაც ვერ ვიტყვი შედეგზე.
რაც შეეხება შანსს საპასუხო მატჩის წინ, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. არ ვიცით, ვინ როგორ განწყობაზე შეხვდება თამაშს და არ მივიჩნევთ, რომ უშანსოდ ვართ. ბევრისგან მსმენია, რომ სიურპრიზების გუნდი ვართ. აქამდეც დაგვიმტკიცებია, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია.
რატომ ავირჩიეთ თამაშის ჩატარება „მესხი 2-ზე?“ მთავარ მოედანზე ორი დღით ადრე თბილისის „იბერიამ“ ითამაშა, ამას გარდა, „აუსტრია“ ძალიან სწრაფი გუნდია, სივრცეებს ითვისებს და კარგადაც იყენებს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ მსგავსი დონის თამაშებში მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ კარგი გამოცდილება მივიღეთ და იმედია, ამას სასიკეთოდ გამოვიყენებთ.
ჩვენთვის ევროტურნირების საგზური არავის უჩუქებია, ბრძოლით მოვიპოვეთ და ამაში ხასიათი დაგვეხმარა. ვენაში მიღებული სწრაფი გოლის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ავსტრიელები კიდევ ბევრ ბურთს გაგვიტანდნენ. ჩვენ სამი საგოლე მომენტი შევქმენით, ჩვენი დონის გუნდისთვის ეს ცუდი არ იყო, რადგან ქართველ და ავსტრიელ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური მომზადების მხრივ დიდი სხვაობაა“.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სპაერი“ – „აუსტრიის“ საპასუხო მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას „პირველ არხი სპორტი“ 19:55 საათიდან შემოგთავაზებთ.