კონფერენს ლიგა | „სარაევომ“ და „არისმა“ გულიაშვილისა და ქვილითაიას გოლებით მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე ქართველმა ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ და გიორგი გულიაშვილმა კი გოლებიც გაიტანეს.
„სარაევომ“, სადაც გიორგი გულიაშვილი თამაშობს, ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გულიაშვილმა, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო, მე-20 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა და მასპინძლების გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მექვაბიშვილი სათადარიგო იყო და არ უთამაშია.
ლიმასოლის „არისმა“ საკუთარ მოედანზე უნგრეთის „პუშკაშ აკადემია“ 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში გიორგი ქვილითაია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში 2:0 გახადა. ქართველი თავდამსხმელი მე-60 წუთზე შეცვალეს.

აზერბაიჯანული „ზირა“ ხორვატულ „ჰაიდუკს“ დაუზავდა – 1:1. „ზირაში“ გიორგი პაპუაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, დავით ვოლკოვმა – 79 წუთი.
სანდრო ნარიმანიძის ევროდებიუტი შედგა სლოვაკეთის „ჟილინას“ შემადგენლობაში – 19 წლის ქართველმა მცველმა პოლონეთში „რაკუვთან“ გასვლით შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.
გამარჯვება მოიპოვა შოტლანდიაში ტრნავის „სპარტაკმა“, რომელმაც „ჰიბერნიანსი“ 2:1 დაამარცხა. გიორგი მოისწრაფიშვილი სლოვაკური გუნდის განაცხადში იყო და მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა.
თემურ ჩოგაძემ და ანტონ თოლორდავამ (ყვითელი ბარათი მიიღო) „კაუნო ჟალგირისის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ისლანდიური „ვალურის“ წინააღმდეგ – მატჩი 1:1 დასრულდა. ჩოგაძე 61-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგი მაისურაძის ჟიტომირის „პოლესიემ“ შინ ანდორის „სანტა კოლომასთან“ 1:2 წააგო – ქართველი მცველი უკრაინული კლუბის განაცხადში არ იყო.