კონფერენს ლიგა | ქუთაისის „ტორპედო“ მეორე ეტაპზე პენალტების სერიით გავიდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | ქუთაისის „ტორპედო“ მეორე ეტაპზე პენალტების სერიით გავიდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ „სარაევოს“ გასვლაზე დაუპირისპირდა, დაძაბული შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგო და კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ქუთაისში დასრულებული 2:2-ის შემდეგ „ტორპედომ“ გასვლაზე შეხვედრა კარგად დაიწყო და ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ირაკლი ბუღრიძისა და მერაბ გიგაურის სახიფათო დარტყმები ბოსნიელთა მეკარემ მოიგერია და გუნდი გდაარჩინა.

სტივ კინის გუნდი პირველ წუთებზე უპირატესობას ფლობდა, ბურთს და თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ ანგარიში ბოსნიელებმა პირველივე სახიფათო მომენტით გახსნეს. მე-12 წუთზე ფლანგური გადაცემა მასპინძელთა კაპიტანმა, ალმედინ ჟილიკიჩმა დააგვირგვინა – 1:0.

მეორე ნახევარი დაძაბული იყო, მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, საქართველოს თასის მფლობელმა კი თამაშის გადარჩენა მოახერხა – არაბიძის საჯარიმოს შემდეგ გიგაურმა მცველებს დაასწრო და 90+1-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა – 3:3 (2:2, 1:1) და დამატებითი დრო დაინიშნა, მაგრამ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოავლინდა.

პენალტების სერიაში ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ორი დარტყმა მოიგერია და „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა, სადაც საქართველოს თასის მფლობელი ყაზახურ „აქტობეს“ შეხვდება.