კონფერენს ლიგა | მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია“ „ლევადიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

22:27, 23.07.2025

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია“ ესტონეთში ტალინის „ლევადიას“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ესტონელები უფრო აქტიურობდნენ, თუმცა კონტრშეტევაზე პირველი სახიფათო მომენტი მე-6 წუთზე ნიკა დადიანმა შექმნა, მაგრამ შორი მანძილიდან მისი დარტყმის აღება მასპინძელთა მეკარე ვალნერს არ გასჭირვებია. ორ წუთში მასპინძელთა მოთამაშემ, ტამბედუმ შეუტია თბილისელთა კარს – მანაც უშედეგოდ.

ვერც იური ტაბატაძისა და ამირან ძაგანიას მცდელობებმა მიაღწია მიზანს. ყველაზე რეალური შანსი მე-20 წუთზე ლუკა სილაგაძეს ჰქონდა, როდესაც ესტონელებმა თამაშგარე მდგომარეობის შექმნა სცადეს და თბილისელების გარემარბი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ „ლევადია“ კვლავ მეკარემ გადაარჩინა.

მეორე ტაიმში პირველი რეალური საგოლე მომენტი „იბერიას“ ჰქონდა – გიორგი ჯგერენაიამ იური ტაბატაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ თავდამსხმელმა შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.

გამოუყენებელი მომენტებისთვის საქართველოს ჩემპიონი მე-80 წუთზე დაისაჯა – ერნეტს აგირი მარჯვენა ფლანგზე მცველს გასცდა, საჯარიმოში შევიდა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და „ლევადია“ დააწინაურა.

საბოლოოდ, ტალინელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში 29 ივლისს გაიმართება – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი