კონფერენს ლიგა | „ლევადია“ VS „იბერია“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „ლევადიას“ ესტუმრება. მატჩი ტალინის „ლე კოკ არენაზე“ გაიმართება.
მეტოქეები პირველ ეტაპზე
ჩემპიონთა ლიგაზე „ლევადიას“ გამოსვლა 15 ივლისს რიგაში დასრულდა, სადაც გუნდი ლატვიურ რფს-თან დამარცხდა საერთო ანგარიშით 0:2 (0:1, 0:1) და კონფერენსლიგაზე გადაერთო.
საქართველოს ჩემპიონმა ევროპული კამპანია ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო, „მალმეს“ შეხვდა და შვედეთის საუკეთესო კლუბთან ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით დამარცხდა – 1:3, 1:3.
„იბერია“
„იბერია“ ეროვნულ ლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს და საშინაო არენაზე ეროვნულ ლიგაში ლიდერობს. ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა 18 მატჩი ჩაატარეს, 13 მოიგეს და 5 ფრედ ითამაშეს. საერთო ჯამში, გუნდმა 44 ქულა დააგროვა.
ევროსარბიელზე „იბერია“ ასეთი დამაჯერებელი არ იყო – შვედურ „მალმესთან“ ორივე შეხვედრა 1:3 წააგო და კონფერენსლიგაზე გადაინაცვლა. გუნდს შვედებთან მეორე მატჩში ცენტრალური მცველი, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ივა გელაშვილი დააკლდა. იგი კარიერას ბერძნულ „პანსერაიკოსში“ განაგრძობს.
დანაკლისია ესტონელებთან მატჩამდეც – თბილისელებს ტრავმის გამო გიორგი ტაბატაძე ვერ დაეხმარება, ხოლო გუნდის კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი შვედებთან საპასუხო შეხვედრაში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.

„ლევადია“
„ლევადიასაც“ კარგი სეზონი აქვს – გუნდმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 16 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 3 წააგო და 50 ქულით საშინაო ჩემპიონატს წელსაც ლიდერობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თანაბარ და საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ.
„ლევადიამ“ ესტონეთის პრემიუმლიგაში ბოლო მატჩი 19 ივლისს საკუთარ მოედანზე გამართა და „ჰარიუ ლააგრი“ 3:0 დაამარცხა.
„ლევადიამ“ თამაში შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: კარლ ანდრე ვალნერი, ტანელ ტამიკი, მარკ ოლივერ რუსნუპი, ერნესტს აგირი, ტილ მავრეტიჩი, რობერტ კირსი, რიჩი მუსაბა, ფრენკ ლიივაკი, კარლოს ტორესი, ვიქტორი იბორო, ანრი იარველაიდი.
ესპანელი მწვრთნელი „ვალენსიიდან“
ესტონურ კლუბს ესპანელი მთავარი მწვრთნელი კურო ტორესი ავარჯიშებს, რომელსაც თანამემამულე ვისენტე სოტო ეხმარება. ამ დუეტმა გუნდი 2023 წელს ჩაიბარა. მათი ხელმძღვანელობით „ლევადია“ ესტონეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
48 წლის ტორესი მცველი იყო. კარიერა „გრამენეტაში“ დაიწყო, თამაშობდა „ვალენსიაში“, „რეკრეატივოში,“ „ტენერიფეში“, სადაც რაფა ბენიტესის გუნდის საკვანძო მოთამაშე იყო. ბენიტესი შემდეგ „ვალენსიაში“ დაინიშნა და ტორესი გუნდში დაბრუნდა, სადაც ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხოლო 2004 წელს – „დინამოს“ ყოფილ თავდამსხმელთან, ჩისკოსთან ერთად უეფა-ს თასის გამარჯვებულიც.
ასევე ითამაშა „რეალ მურსიაში“, კარიერა კი „ხიმნასტიკში“ დაასრულა. იყო ესპანეთის ნაკრების წევრი, რომელთან ერთადაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვდა და ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშა.
სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს „ვალენსია B-ში“ დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობდა „ლორკაში“, ხორვატულ „ისტრაში“, „კორდობაში“, „ლუგოსა“ და „ლეონესაში“.
მსაჯები ფარერებიდან
უეფა-მ მსაჯთა ბრიგადა ფარერის კუნძულებიდან დანიშნა: მთავარი მსაჯი იოჰან ჰენდრიკ ელეფსენი იქნება, რომელსაც დენ პეტურ-პაული ჰიოიგორდი და იოგვან ბრეკმანი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯად ჰეინი ვიდოი იმუშავებს.
23 ივლისს, კონფერენს ლიგის მეორე წინასწარ რაუნდში „ლევადია“ „იბერია 1999-ს“ მატჩი „ლე კოკ არენაზე“ თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.