კონფერენს ლიგა | გორის „დილამ“ ლუქსემბურგის „რასინგი“ დაამარცხა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გორის „დილამ“ ლუქსემბურგის „რასინგი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.
პირველი მატჩი გორელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს და „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კი ხელს ფრეც აძლევდათ.
სტუმრები 34-ე წუთზე კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როდესაც არბიტრმა მათი მეკარე რომან რუფიე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევა – სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა – 0:0.
გორელებმა თამაშის დარჩენილი დრო მშვიდად წარმართეს – 90+1-ე წუთზე კი იბრაჰიმა დრამემ გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0.
„დილამ“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე თამაში მოიგო და უეფა-ს საკლუბო რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გორის „დილა“ 24 ივლისს სტუმრად ლატვიურ „რიგასთან“ გამართავს.