კონფერენს ლიგა | გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენში“ ითამაშა - დანიელები „ჩელსისთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. საინტერესოა, რომ დანიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯეიკობ ნესტრუპმა (ისევე როგორც „ჰაიდენჰაიმთან“ წინა ეტაპის მატჩში) გოჩოლეიშვილი ამჯერადაც შემტევ ნახევარმცველად ათამაშა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ანგარიში ინგლისელებმა მეორე ნახევრის დაწყებისთანავე (47-ე წუთზე) რის ჯეიმსის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. ლონდონელთა უპირატესობა არგენტინელმა ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა 65-ე წუთზე გაზარდა. მართალია, გაბრიელ პერეირამ (80) სხვაობა შეამცირა, მაგრამ დანიელები საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
„კოპენჰაგენი“ „ჩელსისთან“ საპასუხო შეხვედრას 13 მარტს ლონდონში გამართავს.