კონფერენს ლიგა | გაბრიელ სიგუამ „ლოზანაში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | გაბრიელ სიგუამ „ლოზანაში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში გაბრიელ სიგუას „ლოზანა“ საკუთრ მოედანზე თურქულ „ბეშიქთაშს“ დაუზადა – 1:1. შვეიცარიული გუნდის ქართველი ნახევარმცველი განაცხადში იყო და სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – 19 წლის ფეხბურთელი მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა.

ლაშა ოდიშარია, ჯერჯერობით, ოფიციალურად კვლავ ლატვიური „რიგის ფეხბურთის სკოლის“ (რფს) ფეხბურთელია, რომელმაც მალტაში „ჰამრუნთან“ 0:1 წააგო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს რფს-ში 15 ივლისის შემდეგ არ უთამაშია, რადგან ლა ლიგა 2-ის ხიხონის “სპორტინგი“ იწვევს, მაგრამ ჯერ ტრანსფერი არ გაფორმებულა.

ანალოგიურ ვითარებაშია გიორგი მაისურაძე, რომლის ჟიტომორის „პოლესიემ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 44-ე წუთზე იტალიური გუნდი კაცნაკლული დარჩა, საშინაო შეხვედრა 0:3 დათმო.

დონეცკის „შახტარმა“ შვეიცარიულ „სერვეტს“ პოლონეთში უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 1:1. უკრაინელთა მწვრთნელმა, არდა თურანმა ირაკლი აზაროვი ევროსარბიელზე კვლავ არ ათამაშა.

კრაიოვის „უნივერსიტატეა“ თურქეთში „ისტანბულ ბაშაქშეჰირს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. კრაიოველთა ქართველი ლეგიონერი ანზორ მექვაბიშვილი, რომელიც წინა ეტაპის შეხვედრის გმირი იყო, მოედანზე მხოლოდ 89-ე წუთზე შეუშვეს.

თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამო თბილისის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ულად-ომარ იმრანმა, რომელიც ამჟამად სომხეთის „ნოაში“ თამაშობს, ლიუბლიანის „ოლიმპიასთან“ გასვლით მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა და „ნოას“ მოგებაში (4:1) გადამწყვეტი როლი ითამაშა.