კოლუმბია პირველ მატჩში გაძევებულ სანჩესს ესკობარის მკვლელობას ახსენებს
კოლუმბია პირველ მატჩში გაძევებულ სანჩესს ესკობარის მკვლელობას ახსენებს

კოლუმბიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო კარლოს სანჩესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი მუქარის გამო. კოლუმბიის ნაკრების 32 წლის მცველს ემუქრებიან იმის გამო, რომ იაპონიის ნაკრებთან მატჩში, დებიუტშივე გააძევეს მოედნიდან და ამან ხელი შეუწყო აზიური გუნდის გამარჯვებას – 2:1.

მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელებში სანჩესის წინააღმდეგ სერიოზული შეტევა დაიწყო. კერძოდ, გულშემატკივრებმა გაიხსენეს ანდრეს ესკობარის 24 წლის წინანდელი მკვლელობა. როგორც გაზეთი The Guardian იტყობინება, “ტვიტერის” ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა:

“თუ ესკობარი ავტოგოლისთვის მოკლეს, კარლოს სანჩესი უნდა მოკლან და მისი გვამი შეურაცხყონ”.

მეორე გულშემატკივარმა გაძევებულ ფეხბურთელს შესთავაზა – დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი ბედი:
“კარლოს სანჩესმა თავი უნდა მოიკლას”.

ანდრეს ესკობარმა მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე საკუთარ კარში გაიტანა გოლი აშშ-ის წინააღმდეგ (1:2), რამაც კოლუმბიის გამოვარდნა გამოიწვია. 10 დღის შემდეგ, ის სამშობლოში ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს. მკვლელი უმბერტო მუნიოსი ყოველ გასროლაზე ყვიროდა: “გოლი”.

მუნიოსს 43-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მხოლოდ 11 წელი იყო ციხეში და იქიდან სამაგალითო საქციელის გამო გამოუშვეს.