„კოლხეთმა“ პლეიოფის საგზური გაინაღდა #1TVSPORT
„კოლხეთმა“ პლეიოფის საგზური გაინაღდა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნული ლიგა 3-ის მორიგი შეხვედრა მოიგო და ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა ქართულმა კლუბმა პლეიოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

ფოთელმა ფეხბურთელებმა ეროვნული ლიგა 3-ის 24-ე ტურში „ფაზისის“ სტადიონზე ჩოხატაურის „ბახმაროს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს. თამაში ფოთის „კოლხეთისთვის“ ცუდად დაიწყო. 25-ე წუთზე ანგარიში ჩოხატაურელებმა ნოდარ მაჭავარიანის გოლით გახსნეს.

მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს. 28-ე წუთზე ანგარიში ზაურ ხაბეიშვილმა გაათანაბრა, ხოლო 61-ე წუთზე ხუან ვარგასმა „კოლხეთი“ დააწინაურა და საბოლოოდ, როგორც გაირკვა, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

გია გიგატაძის გაწვრთნილმა „კოლხეთმა“ ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა, 45 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელ პლეიოფში თამაში გაინაღდა.

ლიგა 2-ში თამაში უკვე გაინაღდა „სპაერმა“, რომელიც 60 ქულით პირველ ადგილზეა და ვერავინ დაეწევა. 44 ქულით მესამეზე ლადო ბურდულის გაწვრთნილი „თბილისი სიტია“.