„კოლხეთმა“ ლიცენზია მოიპოვა და ლიგა 2-ში გადასვლას იმედოვნებს
„კოლხეთმა“ ლიცენზია მოიპოვა და ლიგა 2-ში გადასვლას იმედოვნებს

გასულ კვირას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ყველა ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდებისთვის 2021 წლის სეზონის ყოველწლიური ეროვნული ლიცენზირება ჩატარდა და ცნობილი გახდა, რომ 46 გუნდიდან ლიცენზია მხოლოდ 35-მა მიიღო, მათ შორის, ქუთაისის „ტორპედომ“.

წარმატებულ გუნდებს შორის მოხვდა ფოთის „კოლხეთი 1913“, რომელმაც ლიცენზირება წარმატებით გაიარა. ამ აუცილებელი პროცესის გავლის შემდეგ გუნდი უფლებამოსილია, მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზოს.

მაგრამ ლიგა 3-ში მოასპარეზე უძველესი ქართული გუნდი ერთი საფეხურით ზედა ეშელონში დაიწყებს თუ არა ახალ სეზონს, ეს ხვალ გაირკვევა. 16 დეკემბერს, გუნდმა ლიგა 2-ში გადასასვლელი პლეი ოფის პირველი მატჩი თბილისში „დავით პეტრიაშვილი არენაზე”, უპირატესობის მიუხედავად, „ვიტ ჯორჯიასთან” 1:0 წააგო.

ამის მიუხედავად, ფოთელები იმედოვნებენ, რომ „კოლხეთი 1913“ მოახერხებს საპასუხო მატჩისათვის სრულ მობილიზებას, მეტოქის სასურველი ანგარიშით დამარცხებას და ლიგა 2-ის საგზურის მოპოვებას შეეცდება, რათა ქართული ფეხბურთის ელიტაში ადგილი ნელ-ნელა დაიბრუნონ.

ფოთის „კოლხეთი 1913“-ისა და „ვიტ ჯორჯიას“ საპასუხო მატჩი ფოთში 20 დეკემბერს გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის ფოთის ტექნიკურ ცენტრში მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.