„კოლხეთმა“ ჯიშკარიანი დაიბრუნა
„კოლხეთმა“ ჯიშკარიანი დაიბრუნა

ფოთის „კოლხეთი“ სეზონის განახლებისთვის ემზადება და საკონტროლო თამაშების გამართვის პარალელურად, საკადრო პრობლემებს აგვარებს.

გუნდში კარგად ნაცნობი ფეხბურთელი დაიმატეს: სამწლიანი პაუზის შემდეგ, გუნდს შემტევი ნახევარმცველი თამაზ ჯიშკარიანი დაუბრუნდა, რომელიც „კოლხეთის“ ფორმით ეროვნულ ლიგაში გამოდიოდა.

27 წლის ნახევარმცველი ფოთის „კოლხეთში“ 2014-2017 წლებში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან გუნდი 2018 წელს დატოვა და მარტვილის „მერანში“ გადავიდა.

წელს „კოლხეთს“ დაუბრუნდა ლაშა გვალია, რომელიც ფოთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და წლების განმავლობაში ეროვნული ლიგის გუნდებში გამოდიოდა – გორის „დილაში“, ასევე თამაშობდა „ზესტაფონში“, ბოლნისის „სიონში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „ცხინვალში“, თბილისის „ლოკომოტივში“. 2013-2014 წლებში გვილია ეროვნული ნაკრების კანდიდატი იყო და ეკატერინბურგის „ურალში“ ჩაირიცხა, მაგრამ კურიოზული ამბავი შეემთხვა – მთელი წლის განმავლობაში რუსეთში ვიზა არ მისცეს და გუნდი ისე დატოვა, მასთან ერთად რუსეთში ერთხელაც ვერ ივარჯიშა.

ფოთის „კოლხეთი“ სეზონს 27 ივლისს განაახლებს – გუნდი ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძე არენაზე“ „გურიას“ დაუპირისპირდება, რომელთან ერთადაც ლიგა 3-ში ჩამოქვეითდა.