„კოლხეთმა“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა – ლევან გეგეჭკორი ბათუმში დაბრუნდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ მოსამზადებელ ეტაპზე ფოთის „კოლხეთთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და 2:4 დამარცხდა.
ფოთელებმა პირველი ტესტმატჩი ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართეს და 3:1 დაამარცხეს. „კოლხეთმა“ მეორე მატჩიც შესანიშნავად ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბათუმის ცენტრში გამართულ შეხვედრაში „კოლხეთი“ პირველივე ტაიმში სამბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. ბათუმელებმა კი მატჩის მიწურულს მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმელთაგან პირველი გოლი გამოცდილმა მცველმა, ლევან გეგეჭკორმა გაიტანა, რომელიც პირველ წრეში „გაგრაში“ თამაშობდა – 30 წლის ფეხბურთელი „დინამოს“ დაუბრუნდა, სადაც 2019-2021 წლებში გამოდიოდა.
„დინამო“ (ბთ) – „კოლხეთი“ 2:4
გოლები: 0:1 ფაჩულია (3), 0:2 ხარებავა (11), 0:3 გრიგალავა (39), 0:4 ლაუტარო (43), 1:4 გეგეჭკორი (65), 2:4 მანდრიჩენკო (75).