„კოლხეთი“ ხორვატებთან დამარცხდა - ხობელები მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
„კოლხეთი“ ხორვატებთან დამარცხდა - ხობელები მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

ხობის „კოლხეთმა“ ხორვატიაში მიმდინარე „არენა ქაფზე“ ჯგუფში მესამე მატჩი „ისტრა 1961“-თან წააგო და მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს.

ხობის „კოლხეთმა“ პირველ ტურში ჩრდილომაკედონიურ „მაკედონიასთან“ მატჩი 1:1 დაასრულა, მონტენეგროს ტივატის „არსენალთან“ 1:3 წააგო, ბოლო ტურში კი ხორვატიის პირველი ლიგის „ისტრა 1961“-თან 1:7 დამარცხდა.

„ისტრა 1961“-მ „კოლხეთთან“ უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა – მეცხრე წუთზე მუმბას და ერცეგის გოლებით 2:0-ს იგებდა. ხობელებმა მე-17 წუთზე სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ხორვატებმა კიდევ ორი გოლი (ერცეგი, მუიკიჩი) გაიტანეს და ტაიმი 4:1 მოიგეს. 64-ე წუთზე „ისტრა 1961“-ს მოთამაშე გაუგდეს, თუმცა, „კოლხეთის“ კარი კიდევ სამჯერ აიღეს (ტრავალია, მათეუსი – 2).

ამ გამარჯვებით „ისტრა 1961“ „არენა ქაფის“ ფინალში გავიდა და ზაგრების „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება, ხოლო ხობის „კოლხეთი“ მე-7 ადგილისთვის მატჩში მეორე ჯგუფის ბოლოადგილოსანს, სლოვაკეთის მეორე ლიგის „დოლნი კუბინს“ შეხვდება.

„არენა ქაფი“ ტრადიციული ტურნირია, რომელსაც საკურორტო ქალაქ მედულინის სპორტული ცენტრი მეცხრედ მასპინძლობს. გათამაშებაში სხვადასხვა დროს ბევრი ცნობილი კლუბი მონაწილეობდა: სლოვენიური „მარიბორი“, სერბული „ოფკ ბელგრადი“, ზაგრების „ლოკომოტივი“, რუმინული „ვიტორული“, ავსტრიული „ალტახი“ და „სენტ-პოლტენი“, ჩეხური „ტეპლიცე“, ბოსნიური „ზრინსკი“, პოლონური „ზაგლებიე“.