„კოლხეთი 1913“ - შესაძლოა, კლუბს ფიფამ სანქციები დააკისროს
„კოლხეთი 1913“ - შესაძლოა, კლუბს ფიფამ სანქციები დააკისროს

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბი მძიმე ფინანსურ კრიზისშია. „კოლხეთის“ ადმინისტრაციამ წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს,რომ შესაძლოა, კლუბს ფიფამ სანქციები დააკისროს.

„საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ, რომ ფოთის „კოლხეთი 1913“ დღეისათვის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება, რადგან გასულ სეზონში, რბილად რომ ვთქვათ, გუნდის ხელმძღვანელთა და სპონსორთა არასწორი მენეჯმენტის გამო, უამრავი დავალიანება დაგროვდა. ამის გამო, კლუბს არაერთი სახის მკაცრი სანქცია ემუქრება. უახლოესი ორი დღის განმავლობაში, გასასტუმრებელია გასულ სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში მოასპარაზე ბურკინა ფასოელი მცველის კრისტიან კაბორეს დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ფიფა (FIFA) აკონტროლებს. გადაუხდელობის შემთხვევაში, 2 ივლისიდან ჩვენს გუნდს წელიწადნახევრის განმავლობაში აეკრძალება საფეხბურთო ტრანსფერების განხორციელება. ბუნებრივია, ეს გუნდზე განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო ვალი ყოველ მიზეზს გარეშე მაინც გადასახდელი დარჩება. ასევე 15 ივლისამდე, გადასახდელია კიდევ ხუთი ყოფილი ფეხბურთელის დავალიანება, რომლის არ გადაუხდელობის შემთხვევაში გუნდს სავარაუდოდ
ისევე როგორც გასულ სეზონში ექვსი ქულით დააჯარიმებენ, რაც დაგვეთანხმებით კატასტროფის ტოლფასია.

დღეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს. იმედს ვიტოვებთ, რომ იგი პრობლემების მოგვარებას მოახერხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი გუნდი, შესაძლოა, გაქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან, რასაც, იმედია, ჩვენი ქალაქი არასოდეს დაუშვებს“, – ვკითხულობთ „კოლხეთი 1913“-ის გვერდზე.