კოლხეთი 1913-ის სარჩელი არ დააკმაყოფილეს - გუნდს სანქცია დაუმატეს
კოლხეთი 1913-ის სარჩელი არ დააკმაყოფილეს - გუნდს სანქცია დაუმატეს

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ადმინისტრაციის მოთხოვნა, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საფეხბურთო ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა.

სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის ხუთ მოთამაშეს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაუწესა, ხოლო კლუბს 6 ქულა დააკლო და 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომაზე ფოთის „კოლხეთი 1913“-ის საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა განხილული. კლუბი 3 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაბათილებას მოითხოვდა – ფინანსური სანქციის შენარჩუნებას და დაკლებული ქულების აღდგენას.

სპორტული ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ზურაბ ბიწაძემ საჩივარი არ დააკმაყოფილა, კლუბისთვის დაკისრებული სანქციები არათუ შეამსუბუქა, “კოლხეთს” დამატებით პირობითი სპორტული სანქცია, დისკვალიფიკაცია 1 წლის ვადით დაუწესა. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ ტრიბუნალმა საფეხბურთო კლუბის საქმის განცილვამდე ცოტა ხნით ადრე განიხილა ფეხბურთელების სარჩელი და 4 მათგანს დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, ხოლო ფულადი ჯარიმები ძალაში დატოვა, სასჯელი მხოლოდ ლაშა გოგონაიას შემთხვევაში არ შეცვალა.