„კოლხეთი 1913“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - კრასოვსკის შემცვლელი ჯერ უცნობია #1TVSPORT
„კოლხეთი 1913“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - კრასოვსკის შემცვლელი ჯერ უცნობია #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 3-ის მე-9 ტურში ფოთის „კოლხეთი 1913“ გასვლაზე „მაღაროელთან“ 0:2 დამარცხდა, რაც გუნდიდან მწვრთნელის წასვლის მიზეზი გახდ,ა- ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „კოლხეთი 1913“-ის გიორგი კრასოვსკიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მადლობას ვუხდით გიორგი კრასოვსკის გაწეული მუშაობისათვის და ვუსურვებთ როგორც კარიერულ წინსვლას, ასევე ცხოვრებისეულ წარმატებებს“, – წერია „კოლხეთი 1913“-ის განცხადებაში.

გიორგი კრასოვსკი ფოთელია და კარიერის დიდი ნაწილი ამ გუნდის ფორმით გაატარა. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო – ჯერ ფოთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობდა, შემდეგ გახდა „კოლხეთი1913“-ის 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, სეზონის დასაწყისში კი მთავარი გუნდის უფროს მწვრთნელად დაინიშნა.

„კოლხეთი 1913“-მა ეროვნულ ლიგა 3-ში გამართული 9 ტურის შემდეგ 17 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ფოთის გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.