კოხრეიძე სეზონის განახლებამდე მზად იქნება - „ორ წრიანი ჩემპიონატი უფრო დაძაბული იქნება“
კოხრეიძე სეზონის განახლებამდე მზად იქნება - „ორ წრიანი ჩემპიონატი უფრო დაძაბული იქნება“

„საბურთალოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კოხრეიძე „მერანთან“ მატჩში დაშავდა. თუმცა, მკურნალობს და იმედოვნებს, რომ ჩემპიონატის განახლებისთვის სათამაშოდ მზად იქნება.

„პანდემიიდან გამომდინარე არავინ იცის, საწვრთნელ პროცესს როდის განვაახლებთ. თუმცა ვიდრე ვარჯიშებს დავიწყებთ, მანამდე უკვე სრულად გამოვჯანმრთელდები და გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. რეაბილიტაციის ცენტრში პროცედურებს გავდივარ და ინდივიდუალურად ვარჯიშს ორი კვირაში დავიწყებ,“ – ამბობს „საბურთალოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე.

21 წლის ფეხბურთელმა კორონავირუსის პირობებში ცხოვრებაზე ილაპარაკა – „ამ ვირუსმა ახალ ცხოვრებას შეგვაჩვია. ერთი ჩვეულებრივი დღე დილით კლინიკაში პროცედურებზე წასვლით იწყება, შემდეგ სახლში მოვდივარ და მაქსიმალურად ვცდილობ ის წესები დავიცვა, რასაც გვეუბნებიან. რთულია ასეთ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ შეგუება გვიწევს.​

არსებულ ვითარებაში, არავინ იცის, ეროვნული ლიგა როდის განახლდება. დიდი შანსია, ჩემპიონატი ორ წრედ განახლდეს – გიორგი ასეთი მოდელის მომხრეა – „დიდი პაუზა გამოგვივიდა და ასეთ დროს, ჩემპიონატის ორ წრედ განახლება სწორი გადაწყვეტილება იქნება. ვფიქრობ, ასე ჩემპიონატი უფრო დაძაბულიც იქნება, რადგან ცოტა მატჩების ჩატარება მოგვიწევს და შეცდომის დაშვების უფლება არ გვექნება”.