კოენმა „დილა“ დატოვა
კოენმა „დილა“ დატოვა

გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, გორის „დილა“ ლიდორ კოენმა დატოვა – 28 წლის ებრაელი შემტევი ნახევარმცველი კარიერას სამშობლოში, თელ ავივის „ჰაპოელში“ გააგრძელებს.

გორულ კლუბში ლიდორ კოენი სექტემბერში ისრაელის მე-2 ლიგის გუნდიდან, „ჰაპოელ ფეთაჰ თიკვადან“ ჩაირიცხა. ამპლუით მარცხენა ვინგერს, კოენს ისრაელის U21 ნაკრებშიც უთამაშია და საკმაოდ მაღალი შედეგიანობით გამოირჩეოდა, მაგრამ „დილაში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა – საქართველოს ეროვნულ ლიგაში სულ შვიდი შეხვედრა ჩაატარა, მათგან ოთხი – შეცვლაზე და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ სეზონის შემდეგ გიორგი ნემსაძემ და მისმა ასისტენტმა, ლაშა ჭელიძემ დატოვეს, რომელთა ხელმძრვანელობითაც გუნდმა ევროთასებზე გამოსვლის უფლება ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. ნემსაძე და ჭელიძე საქმიანობას „დინამო თბილისში“ გააგრძელებენ.

მწვრთნელებისა და კოენის გარდა, გორის „დილა“ ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა, გიორგი ლაცაბიძემაც დატოვა – 25 წლის ფეხბურთელი კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს.