კობიაშვილს „შალკემ“ დაბადების დღე ქართულ ენაზე მიულოცა
კობიაშვილს „შალკემ“ დაბადების დღე ქართულ ენაზე მიულოცა

დღეს ლევან კობიაშვილის დაბადების დღეა – საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მისმა ყოფილმა კლუბმა, გელზენკირხენის „შალკე 04“-მა მიულოცა.

გერმანულმა კლუბმა მილოცვა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ „შალკე 04“-ს მილოცვა ქართულ ენაზეა – „გილოცავ დაბადების დღეს“.

ლევან კობიაშვილი გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბში, „შალკეში“ 2003–2010 წლებში თამაშობდა და გუნდის ფორმით ჩატარებულ 168 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

კობიაშვილის დროს, „შალკე“ ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, რომელიც ევროტურნირებშიც რეგულარულად მონაწილეობდა და იმ პერიოდში მიუნხენის „ბაიერნის“ შემდეგ გერმანიაში ყველაზე ძლიერ გუნდად მიიჩნეოდა. კობიაშვილი ახალ კლუბშიც შეუცვლელ ფიგურად იქცა.

კობიაშვილი „შალკეში“ 2005 და 2007 წლებში გახდა ბუნდესლიგის ვიცეჩემპიონი და 2005 წელს გერმანიის თასის ფინალისტი. 2005-2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩში „პსვ ეინდჰოვენთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ეს შეძლო.

იმ წელს კობიაშვილი დაეხმარა გუნდს, მიეღწია უეფა-ს თასის ნახევარფინალამდე, სადაც მომავალ ჩემპიონ „სევილიასთან“ დამარცხდა. 2008 წელს კლუბმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

„შალკეში“ გატარებული 6,5 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ასპარეზზე ჩატარებული მატჩების ოდენობითა და გატანილი გოლებით, კობიაშვილი გუნდის რეკორდსმენთა შორის მოხვდა. 35 საერთაშორისო მატჩით ის „შალკეს“ ფეხბურთელთა შორის მესამეა, ხოლო საერთაშორისო შეჯიბრებებზე გატანილი შვიდი გოლით კი საუკეთესოა კლაუს ფიშერთან, კევინ კურანისთან და ლინკოლნთან ერთად.

დატოვე კომენტარი