კობიაშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტების გაგრძელებას აანონსებს - სფფ პირველი სპორტული ორგანიზაციაა, რომელმაც პანდემიის პერიოდში ჩემპიონატი განაახლა
კობიაშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტების გაგრძელებას აანონსებს - სფფ პირველი სპორტული ორგანიზაციაა, რომელმაც პანდემიის პერიოდში ჩემპიონატი განაახლა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 30-ე ყრილობაზე დამსწრეების წინაშე მოხსენებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი წარსდგა. მან წინა ყრილობის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ლევან კობიაშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„უკვე დასრულებულია ვარკეთილისა და ფოთის საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე მსგავსი ტექნიკური ცენტრები გაიხსნება გლდანსა და ვაკეში. ასევე, დაგეგმილია ტექნიკური ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში. საფეხბურთო აკადემიებს რაც შეეხება, მათ ქართული ფეხბურთის განვითარებაში დიდი როლი ეკისრებათ. რუსთავში, ზუგდიდში და ლაგოდეხში არსებულ ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებს სულ მალე სოფელ რუხისა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და სოფელ გვიმბალაურის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) აკადემიები დაემატება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ქუთაისში დაიწყებს. ყველა ეს პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფიფას (FIFA) და უეფას (UEFA) სხვადასხვა პროგრამებიდან მოზიდული თანხებით ხორციელდება. 2019-2020 წლებში ახალი სტადიონები გაიხსნა. მათ შორისაა აგრანო ვაჩნაძის სახელობის სტადიონი ამბროლაურში და კასპის ცენტრალური სტადიონი. ასევე მიმდინარეობს ხაშურის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

ლევან კობიაშვილმა ასევე ისაუბრა ბათუმის ახალი და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონების შესახებ:

„ბათუმში განხორციელდა ისტორიული პროექტი, რომლითაც ამაყობს არა მხოლოდ ბათუმის, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა. ამას გარდა, მიმდინარე წლის ბოლომდე ფიფას პროგრამა ფორვარდის დახმარებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საერთაშორისო სტანდარტების 1400 ლუქსიანი განათებით აღიჭურვება“.

სფფ-ის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ქართული ფეხბურთი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დადგა:

„ფეხბურთის ფედერაცია გახდა ქვეყანაში პირველი სპორტული ორგანიზაცია, რომელმაც პანდემიის პერიოდში ეროვნული ჩემპიონატის განახლება შეძლო. დღევანდელი მდგომარეობით კი, ყველა შესაბამისი რეგულაციების დაცვით სფფ-ის ეგიდით მიმდინარე ყველა ტურნირი აღდგენილია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათ შორის, სამოყვარულო, ქალთა და ფუტსალის ლიგები. ქალთა ფეხბურთის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებს რაც შეეხება, ქალთა ლიგაში გუნდების რაოდენობა 14 გუნდამდე გაიზარდა, მომავალ სეზონში კი, ქალთა ჩემპიონატს მეორე დივიზიონი დაემატება“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2019-2020 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ასპარეზობა შეაფასა და მსაჯთა კორპუსისა და საფეხბურთო განათლების შესახებაც ისაუბრა. მან დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მასობრივი ფეხბურთისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. აგრეთვე მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, ფიფას, უეფას და კომერციულ და სოციალურ პარტნიორებს.