კობი ბრაიანტის რვა მომენტი
კობი ბრაიანტის რვა მომენტი

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდამ კობი ბრაიანტმა თავის წიგნში – „მამბას მენტალიტეტი: როგორ ვთამაშობ“ (Mamba Mentality: How I Play) თავისი კარიერის რვა საუკეთესო მომენტი გაიხსენა.

მომენტი ნომერი ერთი:

1996 წლის 29 აპრილი, 14:35

მოქმედების ადგილი: „ლოუერ მერიონის“ გიმნაზია, პენსილვანია

სკოლის მოსწავლე კობი ბრაიანტი ყურებამდე გაღიმებული პოდიუმზე დგას. არავის ახსოვს, რამდენი ადამიანი იყო მაშინ იმ ოთახში, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ეს მომენტი ითვლება მისი დიდი კარიერის დასაწყისად. სიხარულისგან გაბადრული 17 წლის ნიჭიერი ბიჭი ყველას უცხადებს, რომ კოლეჯში სწავლის გამოტოვებას და „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ (NBA) გუნდში პროფესიულ დონეზე თამაშს აპირებს.

ბევრი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ბრაიანტს NBA-ში სრული ფიასკო ელოდა. მაგრამ ეს მცდარი მოსაზრება იყო. კობი – ის ადამიანი არ არის, რომელსაც შეიძლება ჩავარდნა ჰქონდეს. მას არ ეშინია წარუმატებლობის, სჯერა, რომ ასეთი რამე არ შეიძლება მოხდეს. ის თავისას მარტო იმიტომ მიაღწევდა, რომ წარმატება მისი მიზანი იყო და ამისკენ დიდი ნაბიჯებით მიდიოდა.

იმ პრესკონფერენციიდან მთავარი დასკვნა ასეთი იყო: როცა საკუთარი თავის გჯერა, მნიშვნელობა აღარ აქვს, თუკი ვინმეს არ სჯერა შენი. თუ შეგიძლია ჩავარდნის შესაძლებლობის გამორიცხვა, ყოველთვის იპოვნი გზას საკუთარი მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, 12 გუნდი, რომელიც 1996 წლის დრაფტზე „ჰორნეტსამდე“ ირჩევდა სასურველ კალათბურთელს, ამ ყველაფერს დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ მიხვდა.

მომენტი ნომერი ორი:

1997 წლის 12 მაისი

მოქმედების ადგილი: „დელტა ცენტრი“, იუტა. დასავლეთი კონფერენციის ნახევარფინალი. მეხუთე მატჩი. „ჯაზი“ იგებს სერიას – 3:1. მეოთხე მეოთხედი და ოვერტაიმი.

კობის კარიერის ამ მომენტს არასოდეს დაივიწყებენ მისი არაკეთილისმსურველები. მომდევნო წლებში მოპოვებული დიდი გამარჯვებების მიუხედავად, ბევრს დღემდე უყვარს ამ ეპიზოდზე მითითება, რომელსაც სადებიუტო სეზონში ჰქონდა ადგილი. ეს ბრაიანტის პირველი წარუმატებლობა იყო.

სინამდვილეში, კობი შეეცადა ბოლო მეოთხედში საკუთარ თავზე აეღო თამაში, რადგან მოეჩვენა, რომ მისმა თანაგუნდელებმა ბრძოლა შეწყვიტეს. მის მიერ ნასროლი სამქულიანი, რომელსაც „ლეიკერსისთვის“ გამარჯვების მოტანა შეეძლო, ფარს აცდა. ამან კობი ვერ შეაჩერა და ოვერტაიმშიც გააგრძელა ტყორცნები. ცდილობდა დანიშნულების ადგილამდე გაეშვა ბურთი და თავისი გუნდი დასავლეთი კონფერენციის ფინალს მიეახლოვებინა, მაგრამ სასწაული არ მოხდა – მან კიდევ ზედიზედ სამი სამქულიანი გააფუჭა.

ეს მომენტი იმიტომ არ არის გამოყოფილი, რომ ეს იყო ჩავარდნა ან წარუმატებლობა. ამ ახალგაზრდა ბიჭის თამაშში პირველად დავინახეთ მკვლელის ინსტინქტი, უშიშარი ხასიათი და ერთი მიმართულებით ყურადღების ფოკუსირების უნარი, რაც ბრაიანტს ლიგის ყველა დანარჩენი მოთამაშისგან გამოარჩევს. წაგების მწარე გემო მას კიდევ დიდხანს გაჰყვება და ეს უფრო მონდომებით მუშაობას აიძულებს. სწორედ ამ მუშაობის შედეგი გახდა მტკიცე ხასიათი და ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიადი კალათბურთელის ევოლუცია.

მომენტი ნომერი სამი:

2000 წლის 20 მაისი

მოქმედების ადგილი: „კონესკო ფილდჰაუსი“ (Conesco Fieldhouse) ინდიანა. NBA-ის ფინალი. მეოთხე მატჩი. ლეიკერსი იგებს სერია – 2:1. ოვერტაიმი.

კობი ბრაიანტისთვის პირველი ჩემპიონობისკენ გზა „ინდიანაზე“ გადიოდა. მეოთხე მატჩში მოვლენები განსაკუთრებული დრამატიზმით გამოირჩეოდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო. მოედანზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო გაჩაღებული. კვანძი ოვერტაიმში გაიხსნა. მეექვსე პერსონალური მიიღო „ლეიკერსის“ ლიდერმა, შაკილ ო’ნილმა. კალიფორნიელთა ბანაკში ყველა აღელდა. მხოლოდ ერთი ადამიანი ინარჩუნებდა სიმშვიდეს. როცა მატჩის ბედი ბეწვზე ეკიდა და „ლეიკერსის“ უპირატესობა მინიმუმამდე შემცირდა, კობიმ ყველაფერი თავის თავზე აიღო. ფეხებს ძლივს დაათრევდა, ტკივილს უძლებდა (ტრავმირებული ხელის გამო, სერიის წინა მატჩის გამოტოვება მოუწია) და მიუხედავად ამისა, ზედიზედ სამი ბურთი ჩააგდო, შემდეგ კი, ფარქვეშ შეიჭრა და თანაგუნდელის აცილებულს დაამატა. ტრიუმფატორი კობი ხელებს მაღლა სწევს, თავს იქნევს და ირონიულად იღიმება. ის ყველას მიანიშნებს, რომ ეს – მისი მატჩია. მან ეს გააკეთა…

ეს მატჩი ახალი სუპერვარსკვლავის დაბადებად იქცა. იმ დროს, „ლეიკერსი“ აშკარად შაკის გუნდი იყო, მაგრამ ახლა, კობის გაბრწყინების დრო დადგა. გუნდისთვის რთულ სიტუაციაში, მან უბრალოდ გააკეთა ის, რაც ღმერთისგან ჰქონდა ბოძებული – მარტომ მოიგო შეხვედრა.

მომენტი ნომერი ოთხი:

2002 წლის 10 თებერვალი

მოქმედების ადგილი: „ფირსტ იუნიონ ცენტრი“ (First Union Center), ფილადელფია. ყველა ვარსკვლავის მატჩი – 2002.

კობი მშობლიურ ქალაქში ჩავიდა. NBA-ის საუკეთესო მოთამაშეების მატჩში, მისი ვარსკვლავი ყველაზე მეტად ბრწყინავდა. დასავლეთი კონფერენციის გუნდმა 135:120 მოიგო, ბრაინტმა 31 ქულა დააგროვა. მას მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ – პირველიდან ბოლო წამებამდე. შეხვედრის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზის გადაცემისას, კობის მისამართით სტვენისა და შეურაცხყოფების ახალი ტალღა წამოვიდა. ეს უკვე აღარ იყო მისი ქალაქი. ეს ალან აივერსონის ქალაქი იყო.

საერთოდ, ასეთი რამ პირველად მოხდა – “ყველა ვარსკვლავის მატჩის” საუკეთესო მოთამაშეს მშობლიურ ქალაქში უსტვინეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ ვინ არის კობი ბრაიანტი. ის – წესებისგან გამონაკლისია, ყველას ესვრის გამოწვევას, არავის არ გაძლევს დამცირების საშუალებას. კობი ამგვარი დამოკიდებულებისგან მთელი კარიერის მანძილზე ზარალდება. ზარალდება იმის გამო, რომ ძალიან მიუახლოვდა მაიკლს ჯორდანს. იმის გამო, რომ ძალიან ადრე დაანახა ყველას, თუ რამდენად ძლიერია. მთელი ეს ზიზღი იმ შიშისგან მოდის, რომ ის შეიძლება ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გახდეს.

მომენტი ნომერი ხუთი:

2002 წლის 12 მაისი

მოქმედების ადგილი: ალამადოუმი, ტექსასი. დასავლეთი კონფერენციის ნახევარფინალი. IV მატჩი. „სპურსი“ იგებს სერიას – 2:1. მეოთხე მეოთხედი.

როდესაც „ლეიკერსს“ ისეთი კალათბურთელი დასჭირდა, რომელსაც „სპურსთან“ სერიის მეოთხე მატჩის ბოლოს, გუნდისთვის გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, მწვრთნელებს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია. ეს მოთამაშე გახდა კობი ბრაიანტი, რომელმაც თავისი 28 ქულიდან, 12 მატჩის ბოლო მონაკვეთში დააგროვა. სამი შორეული ზუსტი ტყორცნის შემდეგ, მატჩის გადამწყვეტი მომენტი დადგა. რჩება 14 წამი. ბურთით კობია. დრიბლინგით ცდილობს მეტოქის მოტყუებას, მაგრამ ბურთი ფეხზე ხვდება… დერეკ ფიშერმა გადაარჩინა, რომლის ტყორცნა 7 წამით ადრე, არაზუსტი აღმოჩნდა. ბურთი ფარს ზემოთ ტრიალებს, კობი „სპურსის„ „ტყუპ კოშკებზე“ მაღლა ხტება, ბურთი ხსნის და საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, ზუსტად ისვრის. საბოლოო ანგარიში – 87:85, და „ლეიკერსის“ ფანები კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას კობის.

როცა გუნდისთვის აუცილებელია, კობის შეუძლია არამარტო საშუალო და შორეული ტყორცნები ჩააგდოს ან საჯარიმო გამოიყენოს… როცა საჭიროა – მას ყველაფერი შეუძლია. არაერთხელ გვინახავს, რომ ყველაზე საჭირო მომენტში, მოხსნის ავტორი კობი ხდება.„ლეიკერსის“ დამარცხების ყოველი საფრთხე, უნარიანად აღიკვეთება მისი ბრძოლითა და თავდადებით. მნიშვნელობა არ აქვს – ეს არის გაუვალი დაცვა პერიმეტრზე, ბლოკი, ჩაჭრა, ურთულესი მდგომარეობიდან არანორმალური ტყორცნა ან უსწრაფესი გარღვევა ფარისკენ. როცა მატჩის ბედი ბეწვზე ჰკიდია, კობი ტუჩებს ილოკავს და გადამწყვეტი მომენტისთვის ემზადება, თანაც ეჭვი არ ეპარება წარმატებაში.

მომენტი ნომერი ექვსი:

2003 წლის 18 ივლისი

მოქმედების ადგილი: „სტეიპლს ცენტრი“. პრესკონფერენცია. კობი და ვანესა ბრაიანტები. კობი აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი არ გააჩნია მის გაუპატიურებაში დადანაშაულებას.

ზაფხულის ამ მზიან დღეს, ბრაიანტი თავისი მეორე სახლის, „სტეიპლსის“ ერთ-ერთ ოთახში სკამზე ზის და დაბნეულად აცეცებს თვალებს. გვერდით ცოლი უზის. ცრემლებს ძლივს იკავებს, ჩვეულებრივი დამაჯერებლობა სადღაც გაქრა. საკალათბურთო მოედნებზე გაუთავებელი ბრძოლების შემდეგ, მას წინ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ელოდა – საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი იქედან დაიწყო, როცა კობი კოლორადოს ერთ-ერთ სასტუმროში ვიღაც ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. მთელი საკალათბურთო სამყარო, პირდაღებული უყურებდა იმას, როგორ დაეცა კობი.

მან მხოლოდ ერთი რამ იცოდა. ბრაიანტმა კრიტიკოსების გაჩუმების მისეული ხერხი აირჩია, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ეს გზა თამაშზე გადიოდა.

მომენტი ნომერი შვიდი:

2006 წლის 22 იანვარი

მოქმედების ადგილი: „სტეიპლს ცენტრი“ (Staples Center). „ლეიკერსი“ „ტორონტოს“ წინააღმდეგ. 122:104 ლეიკერსის სასარგებლოდ. 41 წუთი. 81 ქულა.

მატჩის მესამე მეოთხედში „ლეიკერსი“ 18 ქულას აგებდა. კობი ამ ყველაფერმა ძალიან გააბრაზა. არავინ ელოდა იმას, რაც მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოხდა – არც დარბაზში შეკრებილი 18 886 მაყურებელი, არც მილიონობით ტელეაუდიტორია… და, ალბათ, არც თვით კობი. პირველ ტაიმში მოპოვებული 26 ქულის შემდეგ, მეორეში მან მარტომ მოუგო „რეპტორზს“, გზად კი, რამდენიმე რეკორდი გააუმჯობესა. საფინალო სირენამდე ოთხი წამით ადრე, სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ტაბლოზე, მერვე ნომრის გასწვრივ ეწერა რიცხვი – 81. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მთავარი იყო ანგარიში – 122:104 “ლეიკერსის” სასარგებლოდ.

ანთებული თვალებითა და გამარჯვების არანორმალური სურვილით, კობიმ დაამტკიცა, რომ თუ საკუთარ თავს იპოვის, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება. ამ 41 წუთის განმავლობაში, მან თვით უილტ ჩემბერლენსაც აჯობა. და ამ 41 წუთმა, ის ყველა დროის უდიდესი მოთამაშეების რიცხვში შეიყვანა.

მომენტი ნომერი რვა:

2008 წლის მაისი

მოქმედების ადგილი: „სტეიპლს ცენტრი“. კობი ბრაიანტმა პირველად მიიღო რეგულარული ჩემპიონატის MVP-ის ტიტული.

ბოლო წლებში „ლეიკერსისთვის“ ყველაზე წარმატებული სეზონის შემდეგ, სადაც გუნდმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, კობიმ, როგორც იქნა მიიღო ის, რაც სრული აღიარებისთვის აკლდა. ლებრონ ჯეიმსთან ურთულესი ბრძოლის შემდეგ, MVP-ის ტიტული მაინც კობის მიანიჭეს.

არადა, სეზონი ბრაიანტის გაცვლაზე დაყენების მოთხოვნით იწყებოდა, ეჭვქვეშ იდგა გუნდის პოტენციალი, ამას ემატებოდა ფილ ჯექსონის ერთგვარი გაურკვევლობა. მიუხედავად ამისა, „ლეიკერსში“ სტაბილურობას მიაღწიეს. და პირველ რიგში, ეს კობი ბრაიანტის წყალობით მოხდა. თავისი თამაშის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანით, მან, როგორც იქნა, იპოვა ბალანსი დომინირებასა და „შავ“ სამუშაოს შორის, რითაც საბოლოოდ მოიპოვა NBA-ის საუკეთესო მოთამაშის ტიტული (ამ მოცემული მომენტისთვის).

ჰავაიზე საწვრთნელი ბანაკის დროს, დებიუტანტები საკუთარ თავს წარადგენდნენ. ამის შემდეგ, კობი გამოვიდა და თქვა: „მე მქვია კობი ბრაიანტი და ჩემპიონობის მოგება მინდა“. როცა მთელი სამყარო მისი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ საუბრობდა, ის ამ დროსაც ჩემპიონატის მოგებაზე იყო კონცენტრირებული. და წელს, ამ მიზნის მისაღწევად ერთი ნაბიჯი დააკლდა, მაგრამ ახლა, ყველაფერი მის ხელშია.