კობი ბრაიანტის გარდაცვალების საქმე - გამოძიების პირველადი დასკვნა
კობი ბრაიანტის გარდაცვალების საქმე - გამოძიების პირველადი დასკვნა

კობი ბრაიანტისა და კიდევ რვა ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ლოს-ანჯელესის პოლიციამ გამოძიების პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა. ცხრავე დაღუპული პირის ცხედარი ნაპოვნი და ამოცნობილია.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტის პირადმა შვეულმფრენმა კატასტროფა 26 იანვარს ქალაქ კალაბასასთან განიცადა. უბედური შემთხვევის მთავარ მიზეზად უამინდობა და ძლიერი ნისლი სახელდება. როგორც ლოს-ანჯელესის პოლიცია იუწყება, კატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება, დიდი ალბათობით, წელიწადზე მეტს გასტანს, რის შემდეგაც მომხდართან დაკავშირებით სრული სურათი გამომჟღავნდება, ამჟამად კი გამომძიებლები ყველაზე სარწმუნო ვერსიას ასახელებენ.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შვეულმფრენი დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, ვარდნის ხანგრძლივობამ კი დაახლოებით ერთი წუთი შეადგინა. ბოლო მომენტში პილოტი ცდილობდა, საფრენი აპარატი ღრუბლების ფენიდან გამოეყვანა. შვეულმფრენი მარცხნივ გადაიხარა, რის შემდეგაც ავიადისპეჩერების კავშირი ბორტთან გაწყდა.

გამომძიებლები კატასტროფის ზუსტ მიზეზს და დეტალებს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, შვეულმფრენს რაიმე სახის დაზიანება არ ჰქონია. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო ე.წ. „შავი ყუთი“. ასევე, შვეულმფრენი არ იყო აღჭურვილი სისტემით, რომელიც პილოტს სახიფათო ზონაში ყოფნისა და დაბრკოლებასთან შეჯახების რისკის შესახებ აფრთხილებს.