კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან კონსულტაციები გაიარეს და გირაოს გადახდას კვლავ არ აპირებს
კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან კონსულტაციები გაიარეს და გირაოს გადახდას კვლავ არ აპირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ორსაათიანი კონსულტაციის შემდეგ, სასჯელაღსრულების რუსთავის მე-12 დაწესებულება დატოვეს.

შეხვედრიდან გამოსვლის შედეგ, ისინი აცხადებენ, რომ კონსულტაციები გაიარეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან.

შეხვედრიდან გამოსულმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, თუკი ნიკა მელია ყოველგვარი პირობის გარეშე დატოვებს საპატიმროს. ნაყოფიას განმარტებით, მელია გირაოს არ გადაიხდის.

„მოვინახულეთ ნიკა მელია, თავს გრძნობს კარგად, მხნედ არის. ბრძოლის ჟინით არის აღსავსე და მალე ველოდებით გარეთ. გირაოს ნიკა მელია არასდროს არ გადაიხდის.

ნიკა მელია მოაწერს ხელს, თუ არ მოაწერს, ეს დამოკიდებულია იმაზე, გამოვა თუ არა ის ციხიდან. საპყრობილიდან თუ გამოვა, მერე გაივლის კონსულტაციებს. ეს შემდეგი ნაბიჯია. ნიკა მელიამ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დატოვოს საპყრობილე“, – აღნიშნა ნაყოფიამ.

შეკითხვაზე, უთხრეს თუ არა მელიას მიხეილ სააკაშვილის ბოლო პოზიციის შესახებ, ნაყოფიამ განაცხადა, „თქვენ ნუ ნერვიულობთ მაგაზე, პარტიაში გვაქვს ერთი და იგივე აზრი“.

მანამდე კი, მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტიის წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საბოლოო კონსულტაცია ნიკა მელიასთან.