კობა ჟორჟიკაშვილი - საბა საზონოვს ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება შეუძლია #1TVSPORT
კობა ჟორჟიკაშვილი - საბა საზონოვს ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება შეუძლია #1TVSPORT

საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით გამოვიდა და გუნდმა თავის თავს აჯობა. ჟორჟიკაშვილის აზრით, ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ეროვნულ გუნდში დაწინაურებას იმსახურებს.

„ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ჯგუფიდან გასვლას ბევრი არ ველოდით, რადგან პორტუგალიას, ბელგიასა და ნიდერლანდებს ჩვენზე ბევრად განვითარებული ფეხბურთი აქვთ. ამის მიუხედავად, მაინც ვაჯობეთ და ორი მათგანი ჯგუფში ჩავტოვეთ. მიმაჩნია, რომ რამაზ სვანაძის გუნდმა 2023-ის მეოთხედფინალში გასვლით მაქსიმუმი აჩვენა. ამიტომ მადლობა მწვრთნელსა და ბიჭებს.

ბევრმა ჩათვალა, რომ მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე ისრაელი ძლიერი გუნდი არ იყო, მაგრამ ამ ქვეყანაში ბოლო წლებში დაიწყეს ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, საგრძნობლად გააუმჯობესეს საკლუბო და სანაკრებო შედეგები. კონკრეტულად ეს თაობა შარშან 19-წლამდელებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, წელს 20-წლამდელების მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს და ახლა ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს.

საბა საზონოვის თვისებები მაიმედებს. მას შეუძლია, ეროვნულ გუნდში თავი დაიმკვიდროს და მის დაწინაურებას ნამდვილად ვისურვებდი. აზაროვი, დავითაშვილი, მამარდაშვილი, ლუკა გაგნიძე და წიტაიშვილი კი ისედაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ.

ჩვენთან კარგი ბავშვები იზრდებიან. მათი გაზრდისთვის პირობებია საჭირო – მეტი ინფრასტრუქტურა. მოედნები, ფორმები, გასახდელები, საშხაპეები და არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა რეგიონში. ასეთი პირობები ბევრგან არაა. ამავე დროს წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობა საფეხბურთო სკოლებში კონკურენციის გაზრდა იქნება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კობა ჟორჟიკაშვილი.