კობა დავითაშვილი შალვა შავგულიძეს მიმართავს - როგორ შეიძლება მურუსიძესთან ბრძოლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მურუსიძე შექმნა
კობა დავითაშვილი შალვა შავგულიძეს მიმართავს - როგორ შეიძლება მურუსიძესთან ბრძოლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მურუსიძე შექმნა

როგორ შეიძლება მურუსიძესთან ბრძოლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მურუსიძე შექმნა, – საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას ამ შეკითხვით მიმართა მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კობა დავითაშვილმა ასევე მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს.

„რატომ აპირებთ მურუსიძესთან და გვრიტიშვილთან ბრძოლას ბოკერიასთან და საკააშვილთან ერთად და როგორ შეიძლება მურუსიძესთან ბრძოლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მურუსიძე შექმნა“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2013 წელს მარტო აღმოჩნდა, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნება“ სასამართლოში მიმდინარე პროცესების გამო დატოვა და მას არ მოუსმენია მხარდამჭერი, თუ გამამხნევებელი შეძახილები არც შალვა შავგულიძისგან და არც მისი ფრაქციისგან, „თავისუფალი დემოკრატებისგან“.

როგორც კობა დავითაშვილმა აღნიშნა, შალვა შავგულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზეც იყო, რომ მხარდაჭერა მიეღო.

„ბოკერიასა და სააკაშვილის პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ერთობლივი კანდიდატი იქნებოდა და ეს კანდიდატი ხართ თქვენ. თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატიც ხართ და ახლა, ბოკერია სააკაშვილს გაემიჯნაო, მე ამ ზღაპრების არ მჯერა. თუ სამართლიანი კაცი ხარ, „ოცნებასაც“ დაუპირისპირდი და „ნაციონალებსაც“. ეგაა ვაჟკაცობა. ისე ვერ შევალ პარლამენტში და ბოკერიას უნდა შევყვეო, ეგ არ არის ვაჟკაცობა. ეგ კონფორმიზმია“, – მიმართა კობა დავითაშვილმა შალვა შავგულიძეს.

მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ როგორც სააკაშვილთან და ბოკერიასთან ერთად არ შეიძლება მურუსიძესთან და გვრიტიშვილთან ბრძოლა, ისე არ შეიძლება მურუსიძესა და გვრიტიშვილთან ერთად სააკაშვილთან და ბოკერიასთან ბრძოლა.

„ეს უკვე, „ქართული ოცნების“ მიერ პასუხგასაცემი კითხვაა“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.