კლუბი წააწყდა საფეხბურთო სამართლებრივი სისტემის უსამართლობას - „შახტარი“ ფიფა-სთან დავას ევროკომისიაში გააგრძელებს #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდი, დონეცკის „შახტარი“ ფიფა-სთან დავას ევროკომისიაში გააგრძელებს. მიზეზი ფიფა-ს გადაწყვეტილებაა, რომელმაც ლეგიონერებსა და უცხოელ მწვრთნელებს კონტრაქტების შეჩერების უფლება დართო, – ამის შესახებ გუნდის გენერალურმა დირექტორმა, სერგი პალკინმა განაცხადა.
„ჩვენმა საფეხბურთო კლუბმა შეიტანა საჩივარი ევროკომისიაში ფიფა-ს წინააღმდეგ ლეგიონერებთან და უცხოელ მწვრთნელებთან შრომითი ხელშეკრულებების შეჩერების გამო. ეს სავსებით ლეგალური და სამართლიანია, რადგან ფიფა-ს ქმედებები ევროკავშირის კონკურენციის კანონს არღვევს.
„შახტარის“ დავა ფიფა-სთან ფოკუსირებულია გლობალური ფეხბურთის მმართველი ორგანოს ქმედებებზე 2022 წელს, რამაც გამოიწვია კონტრაქტების ავტომატური შეჩერება კლუბის ლეგიონერებთან და უცხოელ მწვრთნელებთან უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების უკანონო და აგრესიული შეჭრის შემდეგ.
ბევრმა ლეგიონერმა დატოვა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით. ფიფა-ს გადაჭარბებულმა ზომებმა გამოიწვია მოთამაშეთა ტრანსფერის მოგების დაკარგვა და კლუბის ძირითადი შემოსავალების ამოწურვა. შედეგად, ზარალი დაახლოებით 40 მილიონი ევროს აღწევს. ჩვენ გავაგრძელებთ, უარვყოთ ფიფა-ს 2022 წლის 20 ივნისს მიღებული თავდაპირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო ხელშეკრულებების ავტომატურად შეჩერების შესახებ. ფიფა-ს დადგენილებით, ეს გადაწყვეტილება ძალაშია 2023 წლის ივნისამდე – „შახტარი“ მას უკანონოდ მიიჩნევს. ასევე, არსებობს მისი შემდგომი გაგრძელების მაღალი რისკი 2024 წლის ივნისამდე.
კლუბი წააწყდა საერთაშორისო საფეხბურთო სამართლებრივი სისტემის მიკერძოებას და უსამართლობას, პროცესი, რომელიც მოკლებულია სამართლიანობასა და გამჭვირვალობას და აშკარად შეუსაბამოა. ფიფა-მ ჩამოაყალიბა სისტემა, რომლითაც მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ფეხბურთს, გაერთიანდეს და შეცვალოს ჩვენი სპორტის სამართლებრივი პროცედურები და მართვის სტანდარტები.
ჩვენ ველით, რომ ევროკომისია გაიგებს და დააფასებს იმ უკიდურეს ფინანსურ ზეწოლას, რომელსაც ჩვენი კლუბი განიცდის ფიფა-ს ქმედებების გამო, მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა განადგურებულია უკანონო ომით. ამ ყველაზე ტრაგიკულ და სასოწარკვეთილ დროშიც კი ფეხბურთი შვებაა და, როგორც უკრაინული კლუბი, ვიმედოვნებთ, რომ ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას მოგვცემა, რათა სიხარული მოვუტანოთ ჩვენს გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს და ჩვენს ოჯახებს“, – განაცხადა დონეცკელთა გენერალურმა დირექტორმა.