კლოპი პირველი გერმანელი მწვრთნელია, ვინც პრემიერლიგა მოიგო
კლოპი პირველი გერმანელი მწვრთნელია, ვინც პრემიერლიგა მოიგო

„ლივერპულმა“ შვიდი ტურით ადრე გაინაღდა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. როგორც „ოპტა სპორტსი“ წერს, მერსისაიდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი პირველი გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.

ასევე საინტერესო მომენტია ის, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, როცა პრემიერლიგა დაარსდა, 28 წლის განმავლობაში ტიტული არ მოუგია ინგლისელ მწვრთნელს. პრემიერლიგის ტრიუმფატორები იყვნენ: შოტლანდიელები ალექს ფერგიუსონი და კენი დალგლიში, ფრანგი არსენ ვენგერი, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო, იტალიელები კარლო ანჩელოტი, რობერტო მანჩინი, კლაუდიო რანიერი და ანტონიო კონტე, ესპანელი ხოსეპ გვარდიოლა და ჩილელი მანუელ პელეგრინი.