კლოპი - არ ყოფილა არც ერთი დღე, როცა ფიფას და უეფას ეფიქროთ მოთამაშეებზე და არა საკუთარ ჯიბეზე
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კიდევ ერთხელ დაიჩივლა სეზონში მატჩების დიდი რაოდენობის გამო. სპეციალისტის აზრით, ფიფა და უეფა, პირველ რიგში, ფიქრობენ არა ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე, არამედ ფინანსურ გამორჩენაზე.
რამდენიმე დღის წინ, „ლივერპული“ გავიდა ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში. ამ ეტაპზე მატჩები 17-18 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, 18 დეკემბერს კლოპის გუნდს ელოდება კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი ყატარში.
„ლიგის თასი აღელვებს საფეხბურთო ასოციაციასა და ინგლისის საფეხბურთო ლიგას, მაგრამ არავის სურს მისი განხილვა. ამის შემდეგ, უეფა იგონებს ერთა ლიგას, რათა დამატებითი მატჩებით დატვირთოს ბიჭები, რომლებიც ისედაც საკმაოდ დაკავებულები არიან. და ჩვენ გვიკვირს, რატომ არ შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს უფრო დიდი ხანი უმაღლეს დონეზე გამოსვლა ან რატომ იღებენ ტრავმებს.
თუ თქვენ ეროვნულ ნაკრებში თამაშობთ და მონაწილეობას იღებთ ყველა მსხვილ ტურნირზე, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი გამოსასვლელი კვირა გაქვთ. ეს ფაქტია. ორი კვირა მანესთვის, სალაჰისთვის, ჰენდერსონისთვის… ყველა ამ ბიჭს წელიწადში ორ კვირას აძლევენ დასვენებას. მძიმე ფიზიკური მუშაობისას არ შეიძლება თქმა: „ეს თამაში არ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის ან ამ მატჩის თამაში მართლაც არ გვჭირდება“. ასეთია სიტუაცია. არ ყოფილა არც ერთი დღე, როცა ფიფას, უეფას, პრემიერლიგას და სხვა ლიგებს ეფიქროთ მოთამაშეებზე და არა საკუთარ საფულეზე“, – განაცხადა კლოპმა „გარდიანთან“ კომენტარში.