კლიპერსის სენსაციური გამარჯვება ოკლენდში, რივერსის გუნდმა 31-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ „ორეკლ არენაზე“ წააგო. გოლდენ სტეიტმა სერიის პირველი მატჩი „კლიპერსის“ წინააღმდეგ დამაჯერებლად მოიგო და სპეციალისტების დიდი ნაწილი მშრალ სერიაზე საუბრობდა. მიუხედავად ამისა, მეორე შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლები შეხვედრის მიმდინარეობისას 31 ქულით იგებდნენ და თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა სტუმრებმა ლუ ვილიამსის, მოტრეზლ ჰარელის და დანილო გალინარის ბრწყინვალე თამაშის წყალობით აღნიშნული სხვაობა დაქაჩეს და ბოლო წუთებს სერიოზული ინტრიგა შესძინეს.

მატჩის დასრულებამდე 55 წამით ადრე, „ვორიორსი“ სამი ქულით ლიდერობდა. ვილიამსმა ზუსტი ორქულიანით სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, ხოლო ლენდრი შამეტმა პერიმეტრიდან ჩააგდო და ლოსანჯელესური კლუბი ამ შევხედრაში პირველად დააწინაურა. სტივ კერის აღებულ ტაიმაიუტს მასპინძელთა არაზუსტი შეტევა მოყვა. ყველაფერი დემარე ქეროლმა ზუსტი საჯარიმო ტყორცნებით დაასრულა – 135-131 „კლიპერსის“ სასარგებლოდ.

გამარჯვებულ გუნდში ყველაზე მეტი, 36 ქულა, ვილიამსმა მოიპოვა, რასაც 11 ზუსტი გადაცემაც მიაყოლა. 25 ქულა და 10 მოხსნა დაფიქსირდა ჰარელის ანგარიშზე, ხოლო გალინარიმ თავის გუნდს 24 ქულა შესძინა. გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში 29 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. მასპინძლებისთვის კიდევ ერთი ცუდი ფაქტი თამაშის დებიუტში დემრაკუს კაზენსის ტრავმა გამოდგა. ოკლენდელთა ცენტრმა ფეხის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმის დაზიანება აქვს კეზენსს. ამ წყვილის სერია უკვე ლოს ანჯელესში გაგრძელდება. მომდევნო ორი დაპირისპირება „სტეიპლზ ცენტრში“ გაიმართება.