„გოლდენ სტეიტმა“, მიუხედავად კევინ დურანტის არყოფნისა, „ტორონტო რეპტორსს“ სერიის მეორე მატჩი მაინც მოუგო და საშინაო არენის უპირატესობა მოიპოვა. „დურანტულა“ საკუთარ გუნდს 7 თამაშია ვერ ეხმარება. მან წვივის ტრავმა „ჰიუსტონთან“ სერიაში მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.
სტივ კერის გუნდმა პირველი მატჩის წაგების შემდეგ კონცენტრირება მაინც შეძლო და „რეპტორსი“ საბოლოოდ ხუთქულიანი სხვაობით, 104:109 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ვორიორზმა ანგარიშით 34:21 მოიგო. მოქმედი ჩემპიონის გულშემატკივრებისთვის უკანასკნელ მეოთხე მეოთხედში საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა: კლეი ტომპსონმა მუხლქვეშა მყესი დაიზიანა. ტომპსონი პარკეტიდან გაიყვანეს და ის მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
იმის გათვალისწინებით, რომ „გოლდენ სტეიტს“ შესაძლოა კვლავ არ ჰყავდეს კევინ დურანტი, ტომპსონის ლაზარეთში გადანაცვლება „ვორიორზს“ სავარაუდოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თამაშის გამოტოვება მოუწევს კლეის.