კიტეიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა - ქართველმა ნახევარმცველმა „შტურმს“ ისევ მოაგებინა #1TVSPORT
კიტეიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა - ქართველმა ნახევარმცველმა „შტურმს“ ისევ მოაგებინა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა გრაცის „შტურმში“, რომელმაც ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგი შეხვედრა „რიდთან“ გამართა და 2:1 დაამარცხა.

ბუნდესლიგის მე-14 ტურის მატჩს გრაცის გუნდმა „მერკური არენაზე“ უმასპინძლა. „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა ქართველ ნახევარმცველს ევროპის ლიგაზე „ფეიენოორდთან“ (1:0) გამარჯვების გოლი დაუფასა და ძირითად შემადგენლობაში დააყენა (82 წუთი ითამაშა).

ტრავმის შემდეგ ფორმაში შესულმა კიტეიშვილმა ეს ნდობა დაუფასა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. 22-ე წუთზე მისმა თანაგუნდელმა იაკობ იანჩერმა პენალტით ანგარიში გახსნა, მაგრამ 59-ე წუთზე სტეფან ნუცმა წონასწორობა აღადგინა.

„შტურმს“ მშველელად ისევ კიტეიშვილი მოევლინა, რომელიც 71-ე წუთზე „რიდის“ საჯარიმოში საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა და კიდევ ერთხელ გაიტანა გრაცის „შტურმისთვის“ გამარჯვების გოლი – 2:1.

„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის 14 ტურის შემდეგ 31 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.