კიტეიშვილმა „რიდს“ გაუტანა - „შტურმმა“ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა
კიტეიშვილმა „რიდს“ გაუტანა - „შტურმმა“ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. მისმა გუნდმა გრაცის „შტურმმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „რიდს“ უმასპინძლა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 3 ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი „შტურმში“ გამორჩეული ფიგურა იყო და მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, გრაცელებმა კარგად დაწყებული საქმე გაირთულეს – 56-ე წუთზე, „რიდის“ თავდამსხმელმა მარკო გრულმა წონასწორობა აღადგინა. გრაცელთა მცდელობამ შედეგი მხოლოდ ბოლო წამებზე გამოიღო. 95-ე წუთზე, სტუმართა კარი მეორედ იუსუფ გაზიბეგოვიჩმა აიღო და „შტურმმა“ 2:1 მოიგო.

ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული მე-16 ტურის შემდეგ, გრაცის „შტურმმა“ 31 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგთან“ (34) და ვენის „რაპიდთან“ (33) ჩამორჩენა კი საგრძნობლად შეამცირა.

ოთარ კიტეიშვილმა ავტორიტეტული საერთაშორისო ვებ-გვერდსოფასქორისგან“ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება, 7,8 ქულა დაიმსახურა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 24 წლის ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.