კიტეიშვილმა რეაბილიტაცია დაიწყო - მოედანზე მისი დაბრუნების დრო უცნობია #1TVSPORT
კიტეიშვილმა რეაბილიტაცია დაიწყო - მოედანზე მისი დაბრუნების დრო უცნობია #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის შემდეგ რაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამის გამო ავსტრიის ბუნდესლიგის 19 ტურის შეხვედრა გამოტოვა და ჯერ კიდევ უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება.

გრაცის „შტურმის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ვენის „რაპიდთან“ მე-17 ტურის შეხვედრაში ტრავმის გამო შეცვალეს და გრაცელებს უახლოეს ტურებში ოთარ კიტეიშვილის გარეშე მოუწევთ თამაში.

ავსტრიული გამოცემა sportreport-ის ინფორმაციით, ქართველმა ლეგიონერმა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

„ცუდი ამბავი გრაცის „შტურმისთვის“ – ფლეიმეიკერი ოთარ კიტეიშვილი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო უახლოეს კვირები დაისვენებს. ქართველმა სარეაბილიტაციო თერაპია უკვე დაიწყო. დამატებითი ინფორმაცია ტრავმის შესახებ უცნობია“, – წერს ავსტრიული გამოცემა.

მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ყველა ტურნირზე გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა. ქართველმა ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მეორეადგილოსანი გრაცის „შტურმი“ ბოლო მატჩში ქართველი ნახევარმცველის და კიდევ რამდენიმე ტრავმირებული ლიდერის გარეშე დაუპირისპირდა „კლაგენფურტს“, მოულოდნელად 1:2 დამარცხდა და 39 ქულით კვლავ მეორე ადგილზეა, მაგრამ ლიდერმა „ზალცბურგმა“ (45) უპირატესობა გაზარდა.