ოთარ კიტეიშვილმა და „შტურმმა“ „მურა“ დაამარცხეს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა და „შტურმმა“ „მურა“ დაამარცხეს #1TVSPORT

გრაცის „შტურმი“ სლოვენიის ქალაქ კატეზში გამართულ ხანმოკლე შეკრებაზე სლოვენიურ „მურას“ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა მატჩი ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესვენებაზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. გრაცელებმა მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს. კრისტიან ილსერის გაწვრთნილებიდან თავი სანდრო ინგოლიჩმა, 16 წლის ლეონ გრიჩმა და გუნდის ახალწვეულმა, ბრაიან ტეშეირამ გამოიჩინეს.

„პირველ ტაიმში შედეგზე უკეთესი თამაში გამოვიდა, რადგან შანსები გვქონდა და გოლი კიდევ უნდა გაგვეტანა, მაგრამ რეალიზაციის პორბლემები იყო. შემდეგ თამაშის ხარისხი გაუარესდა, რადგან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ. ამის მიუხედავად, გოლების გატანა მოვახერხეთ. საბოლოოდ, მოვიგეთ და ამ სპარინგით კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ გუნდი სეზონის განახლებას ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად მომზადებულები ხვდება“, – განაცხადა „შტურმის“ მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა.

ამ საკონტროლო მატჩით „შტურმმა“ ოთხდღიანი სლოვენიური შეკრება დაასრულა და ავსტრიაში დაბრუნდა – ამის შემდეგ ავსტრიული გუნდი 16 იანვარს თურქეთში მთავარ შეკრებაზე გაემგზავრება, რომელიც 12 დღე გაგრძელდება.

შგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩს 26 იანვარს ბათუმის „დინამოსთან“ გამართავს.