კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი გოლით გახსნა - „შტურმმა“ ლასკ-ი დაამარცხა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ახალი სეზონის პირველ მატჩში გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ სტუმრად ლასკ-ი 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრაში გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო და, გოლის გატანასთან ერთად, პირველივე ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო, 90+2-ე წუთზე კი შეცვალეს. კიტეიშვილმა ორივე გუნდში უმაღლესი შეფასება – 8.7 დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„შტურმმა“ გასვლითი შეხვედრა აქტიურად დაიწყო და სწრაფად დაწინაურდა – ანგარიში მე-9 წუთზე 19 წლის თავდამსხმელმა, ლეონ გრგიჩმა გახსნა, ხოლო მე-12 წუთზე კიტეიშვილმა თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა და სტუმართა უპირატესობა გაზარდა.
გრაცის „შტურმი“ შემდეგ შეხვედრას 10 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.