კიტეიშვილის „შტურმს“ ავსტრიის ჩემპიონობისთვის ქულა სჭირდება - შანსს ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერიც“ ინარჩუნებს #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგებიც ქართველი ლეგიონერებისთვის წარუმატებელი გამოდგა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ვენაში „რაპიდს“ ესტუმრა და, ჩემპიონობის მოპოვების ნაცვლად, მტკივნეული მარცხი იწვნია 1:3. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.
სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“, რომელიც ასევე ჩემპიონობისთვის იბრძვის, კიდევ ერთი კონკურენტი, ვენის „აუსტრია“ მიიღო და დამარცხდა – 1:2. სანდრო ალთუნაშვილი განაცხადში არ იყო.
ბოლო ტურის წინ გრაცის „შტურმი“ 39 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ერთი ქულა სჭირდება. მეორე-მესამე ადგილზე 36-36 ქულით „აუსტრია“ და „ვოლფსბერგერი“ არიან, რომლებიც ასევე ინარჩუნებენ ჩემპიონობის შანსს.