კიტეიშვილის „შტურმმა“ „ზალცბურგთან“ საჩემპიონო მატჩი წააგო #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმმა“ „ზალცბურგთან“ საჩემპიონო მატჩი წააგო #1TVSPORT

ავსტრიის ჩემპიონატში ტურისა და ჩემპიონატის მთავარი შეხვედრა გაიმართა. ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ (მეორე ადგილი გათამაშებაში) ლიდერ „ზალცბურგს“ ესტუმრა, 1:2 დამარცხდა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის საჩემპიონო ჯგუფის მატჩამდე „ზალცბურგი“ 42 ქულით ლიდერობდა, მაგრამ ქართველის გუნდი (39 ქულა) დაწევისა და ავსტრიის ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებდა.

კიტეიშვილი „ზალცბურგის“ წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და აქტიური გახლდათ. მისი გუნდი მე-40 წუთზე გორენჩ-სტანკოვიჩმა დააწინაურა, მაგრამ „ზალცბურგმა“ 49-ე წუთზე დედიჩის გოლით წონასწორობა აღადგინა, 88-ე წუთზე კი კონატემ გუნდს გამარჯვება და ჩემპიონობა მოუტანა.

ქართველის გუნდი ამ დაპირისპირების შემდეგ 39 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, „ზალცბურგმა“ კი 45 ქულა დააგროვა, რაც პირველობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.