კიტეიშვილის „შტურმმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და „ზალცბურგთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგთან“ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გრაცის „შტურმისთვის“, რომელიც გასვლაზე 1:3 დამარცხდა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, საგოლე გადაცემა მიითვალა და ყვითელი ბარათიც მიიღო (53-ე წუთზე).
გრაცელებმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყეს და მე-10 წუთზე „ზალცბურგის“ კარი გორენჩ-სტანკოვიჩის გოლით აიღეს, რომლის საგოლე გადაცემა კიტეიშვილმა გააკეთა.
მეორე ნახევარში „ზალცბურგმა“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა – ვერტესენის (72-ე წუთი), დორგელესის (84) და ონისივოს (87) გოლებით სამი ქულა მოიპოვა.
20 ტურის შემდეგ „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერია 40 ქულით, თუმცა ვენის „რაპიდმა“ იგივე რაოდენობის ქულები დააგროვა და გრაცულ კლუბს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.