კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო - დვალმა კვიპროსში დერბი გამოტოვა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ გასვლაზე „ტიროლს“ დაუპირისპირდა და 10 მოთამაშით დარჩენილმა 3:0 მოიგო.
ქართველის გუნდი მე-15 წუთზე ბოვინგმა დააწინაურა. გრაცელებს 41-ე წუთზე ჩუკვუანი გაუძევეს, მაგრამ „შტურმმა“ გაძლო, 73-ე წუთზე კი მასპინძლების მოთამაშეც გააძევეს. გრაცელებმა იატას (81) და იალკუეს (85) გოლებით უპირატესობა გაზარდეს და თამაში მოგებამდე მიიყვანეს. კიტეიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტური გამოტოვა სანდრო ალთუნაშვილმა, რომლის „ვოლფსბერგერმა“ საშინაო არენაზე „ლასკი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. „შტურმი“ (36) ერთპიროვნული ლიდერია, „ვოლფსბერგერი“ (26) კი მე-4 პოზიციაზეა.
ბოსნიის პრემიერლიგაში ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა გიორგი გულიაშვილმა – ქართველი თავდამსხმელის „სარაევო“ „პოსუშიეს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 0:0.
არასასიამოვნო ვითარებაა ლაშა დვალის თავს, რომელსაც ბოლო დროს აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში პერიოდულად ათამაშებენ – „ჯვაროსნების“ მცველმა კვიპროსის ჩემპიონატში „ომონიასთან“ (2:2) დერბიც გამოტოვა.