კიტეიშვილის „შტურმი“ „ეინდჰოვენთან“ ისევ დამარცხდა - ავსტრიელები ევროპალიგაზე ითამაშებენ #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიდერლანდურ „პსვ ეინდჰოვენთან“ საპასუხო მატჩი (1:3) წააგო და ჩემპიონთა ლიგიდან ევროპალიგაზე გადაინაცვლა.
„შტურმმა“ პირველი შეხვედრა გასვლაზე 1:4 წააგო და, რეალურად, ამ წყვილის ბედი გადაწყვეტილი იყო. განმეორებით შეხვედრაში ავსტრიის ვიცე-ჩემპიონს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია სურდა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა.
ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა. ავსტრიელებმა 26-ე წუთზე ვილიამ ბოვინგის გოლით ანგარიში გახსნეს, მაგრამ ექვს წუთში ნიდერლანდელებმა ჯოეი ვეერმანის დარტყმით გაათანაბრეს, მე-40 წუთზე კი გამოცდილმა ლუკ დე იონგმა „ეინდჰოვენი“ დააწინაურა.
გრაცის „შტურმმა“ 58-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ გაიტანა – „ეინდჰოვენის“ კარში ზუსტად დავიდ აფენგრუბერმა დაარტყა, თუმცა ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას გოლი გაუქმდა. ნიდერლანდელებმა კი 85-ე წუთზე რიკარდო პეპის ზუსტად შესრულებული პენალტით უპირატესობა გაზარდეს და საბოლოოდ 3:1 მოიგეს.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება „პსვ ეინდჰოვენმა“ მოიპოვა, ხოლო გრაცის „შტურმი“ და ოთარ კიტეიშვილი ევროპალიგის პლეი ოფში გადაინაცვლებენ.