კიტეიშვილის „შტუმრში“ მეორე ქართველიც ვარჯიშობს - დინამოელი იობაშვილი გრაცში გასინჯვაზეა #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტუმრში“ მეორე ქართველიც ვარჯიშობს - დინამოელი იობაშვილი გრაცში გასინჯვაზეა #1TVSPORT

ჯადული იობაშვილი გრაცის „შტურმში“ მიიწვიეს, სადაც ტესტირებას გადის. „დინამო თბილისის“ 18 წლის ფეხბურთელი ავსტრიული კლუბის მეორე გუნდში ვარჯიშობს.

„შტურმში“ „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი სარეზერვო გუნდში მთავარი მწვრთნელის, ტომას ჰეზელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს და მალე გაირკვევა, იობაშვილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს თუ არა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ჭიათურელია. ის „დინამო თბილისის“ აკადემიაში 10 წლის წინ მიიწვიეს და კლუბის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ აღზრდილად ითვლება. ტანმაღალი (188 სმ) თავდამსხმელი იყო საქართველოს 15, 16, 17 და 18 წლამდელთა ნაკრებების წევრი, ამჟამად 19-წლამდელების წევრია და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების მოლოდინშია.

ფეხბურთელს კონტრაქტი „თბილისის დინამოსთან“ აკავშირებს, რომლის ფორმითაც სადებიუტო შეხვედრა 2021-ში 16 წლის ასაკში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ „შტურმში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი თამაშობს.