კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა - „შტურმი“ შინ „რაკოვთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა – ეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოხდა, რომელშიც გრაცის „შტურმი“ პოლონურ „რაკოვთან“ 0:1 დამარცხდა.
ოთარ კიტეიშვილი 26 ოქტომბერს, ბერგამოს „ატალანტასთან“ საშინაო შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა – ამის გამო ნოემბრის სანაკრებო თამაშები გამოტოვა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ შეცვლაზე (72-ე წუთიდან) ითამაშა.
მე-5 ტურამდე გრაცის „შტურმი“ 4 ქულით მესამე ადგილზე იყო და „რაკოვთან“ ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა 81-ე წუთზე ეკვადორელი ნახევარმცველის, ჯონ იებოას მიერ გატანილი გოლით პოლონეთის ჩემპიონმა 1:0 გაიმარჯვა, კიტეიშვილის გუნდმა კი ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
ჯგუფში პირველ ადგილზე „ატალანტაა“ (11), ლისაბონის „სპორტინგი“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბერგამოში სწორედ იტალიელებს დაუპირისპირდა, დაუზავდა (1:1) და მეორე ადგილი დაიკავა. „შტურმი“ და „რაკოვი“ კი 4-4 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.