კიტეიშვილი და გუგეშაშვილი ევროთასების მერვედფინალში ითამაშებენ #1TVSPORT
კიტეიშვილი და გუგეშაშვილი ევროთასების მერვედფინალში ითამაშებენ #1TVSPORT

ევროთასების პლეი ოფში ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ითამაშეს, შემდეგ ეტაპზე კი მხოლოდ ორი მათგანი გავიდა.


ევროპის ლიგა


ევროპის ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩში დონეცკის „შახტარი „მარსელს“ ესტუმრა, 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა (ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ჰამბურგში 2:2 დასრულდა).

„შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ირაკლი აზაროვი იყო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია.

დონეცკელებმა კარგად დაიწყეს და მე-12 წუთზე დაწინაურდნენ – ეგინალდოს მოპოვებული პენალტი გეორგი სუდაკოვმა ზუსტად დაარტყა. 23-ე წუთზე „მარსელის“ თავადმსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა წონასწორობა აღადგინა – ეს ევროპის ლიგაზე გაბონელი ფეხბურთელის მიერ გატანილი 30-ე გოლი იყო და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, რადამელ ფალკაოს გადაასწრო.

74-ე წუთზე „მარსელი“ ისმაილა სარიმ დააწინაურა, ხოლო  81-ე წუთზე ჯეფრი კონდოგბიამ გაიტანა და ფრანგული კლუბი მერვედფინალში გავიდა.

„ყარაბაღმა“ პორტუგალიურ „ბრაგას“ უმასპინძლა და 10 ფეხბურთელით დარჩენილი 2:3 დამარცხდა. აზერბაიჯანის ჩემპიონს პირველი თამაში 4:2 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში (6:5) მერვედფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგოებში იყო.


კონფერენს ლიგა


კონფერენს ლიგის 1/16-ში ფინალში ბრატისლავის „სლოვანმა“ გრაცის „შტურმს“ უმასპინძლა. ამ მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო – „სლოვანში“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია (86-ე წუთზე შეცვალეს) და ჯაბა კანკავა, ხოლო „შტურმში“ – ოთარ კიტეიშვილი (65-ე წუთზე შეცვალეს).

პირველი მატჩი ავსტრიელებმა 4:1 მოიგეს. სლოვაკები საპასუხო შეხვედრაშიც დამარცხდნენ – 52-ე წუთზე „შტურმი“ დანიელმა მიკა ბირეტმა დააწინაურა. მატჩის მიწურულს „სლოვანი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა და, საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“გავიდა.