კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს - ლოჩოშვილი კონფერენს ლიგას უახლოვდება #1TVSPORT
კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს - ლოჩოშვილი კონფერენს ლიგას უახლოვდება #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში ბევრი ის გუნდი მოხვდა, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. პირველად ამის უფლება გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანმა“ (სლოვაკეთის ჩემპიონი) მოიპოვა.

შემდეგ ჩემპიონი გახდა ლაშა დვალის და გიორგი ხარაიშვილისფერენცვაროში“ (უნგრეთი), მაგრამ დარჩებიან თუ არა ქართველები, ეს უცნობია. ლიგაზე გამოსვლის რეალური შანსი გააჩნია ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღს“.

ცალკე თემაა „ნაპოლი“, რომელმაც საგზური უკვე გაინაღდა – გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ცხადია, ჩემპიონთა ლიგა მშვენიერი „ვიტრინაა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს თავის გამოჩენის კარგი პერსპექტივა გაუჩნდება.

2 გუნდი ეყოლება კვიპროსს, სადაც „აპოელმა“ (თამაშობენ ბუბა დაუშვილი, გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი) ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მინიმუმ მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე თამაში გაინაღდა.

ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ გრაცის „შტურმი“ და ოთარ კიტეიშვილი. ეს ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგი ტურის მატჩების შემდეგ გაირკვა. გუნდმა ლიგის საგზური ჩემპიონატის ბოლო წლების უპირობო ლიდერ „ზალცბურგთან“ 2:1 გამარჯვებით მოიპოვა. ავსტრია მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე 2 გუნდით წარდგება. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტრავმირებულია, გუნდს ვერ ეხმარება და ჯერ ზუსტად ცნობილი არაა, მოედანს როდის დაუბრუნდება. დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის მოედანზე გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა.

აქვე ვიტყვით, რომ ლუკა ლოჩოშვილისვოლფსბერგერს“ (22 ქულა), ვენის „აუსტრიასთან“ (22) და „კლაგენფურტთან“ (20) ერთად კონფერენს ლიგის ფლეი ოფში გამოსვლის შანსი აქვს. ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი.