კიშინიოვში ალექსანდრე ჩივაძეზე გადაღებული ფილმი აჩვენეს
კიშინიოვში ალექსანდრე ჩივაძეზე გადაღებული ფილმი აჩვენეს

მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში, ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისი კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ფეხბურთის პროფესორის“ ჩვენება გაიმართა.

ფილმი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ალექსანდრე ჩივაძეს ეძღვნება, რომლის ჩვენების ორგანიზატორები იყვნენ მოლდოვის ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს საელჩო მოლდოვაში და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია. ჩვენებას ესწრებოდნენ მოლდოვის ფეხბურთის ვეტერანები, ფედერაციის ხელმძღვანელები, მოლდოვაში საქართველოს ელჩი, წარსულში ცნობილი მორაგბე მერაბ ანთაძე, მოლდოვაში მოქმედი ქართული საზოგადოების „სამშობლოს“ წარმომადგენლები.

ღონისძიება მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის (მფფ) ვიცე-პრეზიდენტმა დრაგოშ ხინკიმ გახსნა.

„ფილმი იყო ძალიან თბილი და ემოციური. რეჟისორმა ფეხბურთის ლეგენდა სულ სხვა, ორიგინალურ ჭრილში დაგვანახა“,- აღნიშნა ხინკიმ.

„როგორც ფეხბურთელს და ჩივაძეს თანატოლს კარგად მახსოვს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის თამაში. საშა ჩივაძე იყო საერთაშორისო დონის ფეხბურთელი, მას დიდი დამსახურება აქვს ფეხბურთში, ის დღესაც ძალიან პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, მოლდოვაში. ფილმის ჩვენების დროს აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ჩვენ ვიხილეთ უნიკალური კადრები ლეგენდარულ ფეხბურთელსა და ქართული ფეხბურთის სახელოვან ისტორიაზე“, – განაცხადა მფფ-ის პრეზიდენტმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა პაველ ჩებანუმ.

მოლდოვაში საქართველოს ელჩის, მერაბ ანთაძის თქმით, მოლდოვაში ძალიან დიდი პატივისცემით იხსენებენ სახელოვან ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც საქართველოს მეოცე საუკუნეში დიდი ავტორიტეტი მოუტანეს.

„ასეთი ფილმების შექმნა და ჩვენება მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას“,- განაცხადა ანთაძემ.

„თავად ჩივაძემ კიშინიოვში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ გამოაგზავნა ვიდეომიმართვა მოლდოვის ფეხბურთის ვეტერანებისთვის. ეს მიმართვა აჩვენეს ფილმის დაწყებამდე და დამსწრეთა ოვაციები დაიმსახურა“,- აღნიშნა ფილმის ჩვენების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თენგიზ პაჭკორიამ.

როგორც ფილმის რეჟისორი, გოგი თორაძე ამბობს, ფილმში საარქივო ფოტო და კინო მასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ჩივაძის კარიერა და ცხოვრება,

„ლეგენდარულ ფეხბურთელზე თავის აზრს გამოთქვამენ ფეხბურთის ვარსკვლავები მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სხვები. ფილმი 2015-2016 წლებშია გადაღებული. ქართული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ორიგინალობით, სილამაზით და იმპროვიზაციით, რომელიც უყვარდათ მთელ მსოფლიოში, ალექსანდრე ჩივაძე კი იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი“,- განაცხადა რეჟისორმა.

გოგი თორაძე 30-ზე მეტი დოკუმენტური, სატელევიზიო, მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმების ავტორია, მათ შორის 15 ფილმი სპორტის თემაზე გადაიღო: ტრილოგია „ჩვენი ფეხბურთი“, „ოვალური ბურთი“ („რაგბი“), „ქართული კალათბურთი“, ფილმები „კომენტატორი“ (კოტე მახარაძეზე), “სნაიპერი“ (ოლიმპიურ ჩემპიონზე ნინო სალუქვაზე), „ლაპარაკობს და აჩვენებს თბილისი“ და ა.შ.