კირკიტაძე მოსკოველებთან გამარჯვებაზე - ვიცოდით, რომ ეს მოგება ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებულად გაუხარდებოდა [ვიდეო] #1TVSPORT
კირკიტაძე მოსკოველებთან გამარჯვებაზე - ვიცოდით, რომ ეს მოგება ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებულად გაუხარდებოდა [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსან მოსკოვის „დინამოსთან“ მოგებული (1:0) მატჩი შეაფასეს.

კახა ცხადაძე, „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი:

„ამ გამარჯვებას ფსიქოლოგიური კუთხით დიდი დატვირთვა აქვს. ფეხბურთელებს დიდი შრომა დაუფასდათ. თუმცა ეიფორიაში ჩავარდნა არასწორი და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე ტაიმში მოსკოველები ცდილობდნენ ანგარიში გაეთანაბრებინათ. ჩვენ კი სივრცეები გამოგვიჩნდა და ეს ვერ გამოვიყენეთ. მომავალში ამაზე უნდა ვიმუშაოთ“.

გიორგი გაბედავა, „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი:

„ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. მწვრთნელებმა რა დავალებაც მოგვცეს, ვცდილობდით, მაქსიმალურად შეგვესრულებინა“.

ანზორ მექვაბიშვილი, „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი:

„რა თქმა უნდა, შეცდომები ყველა გუნდს აქვს, დიდ გუნდებსაც. მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია და შეკრებაზეც ამიტომ ვართ, რომ ხარვეზი გამოვასწოროთ და ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდეთ“.

„დინამოს“ ერთადერთი გოლი უსმანე კამარამ გაიტანა – თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგზე ურუგვაის ნაკრებისა (24 მატჩი ნაკრებში) და მოსკოვის „დინამოს“ მარცხენა მცველს, დიეგო ლაქსალტს ჩაუქროლა და გვინეელ თავდამსხმელს ცარიელი კარის წინ ბურთი მიაწოდა. კირკიტაძემ ეს ეპიზოდი გაიხსენა:

„ორმხრივი შეტევების ფონზე კარგი თამაში გამოვიდა. რაც შეეხება დიეგო ლაქსალტის წინააღმდეგ თამაშს, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ერთი-ორჯერ გავექეცი. ვიცოდით, რომ ბევრ ქართველს გაუხარდებოდა ამ მატჩის მოგება და მიხარია, რომ ეს შევძელით“.