კირკიტაძე ისევ „ლოკომოტივში“ ითამაშებს - „არისთან“ შეთანხმება აღარ გაფორმდა #1TVSPORT
კირკიტაძე ისევ „ლოკომოტივში“ ითამაშებს - „არისთან“ შეთანხმება აღარ გაფორმდა #1TVSPORT

თორნიკე კირკიტაძე კარიერას უცხოეთში არ გააგრძელებს – 25 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის „ლოკომოტივში“ დარჩა და კარიერას ისევ ამ კლუბის სახელით გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლუბის პრესსამსახურში განუცხადეს.

თორნიკე კირკიტაძის ტრანსფერით კვიპროსის სუპერლიგაში წელს დაბრუნებული ლიმასოლის „არისი“ დაინტერესდა. კლუბი 24 წლის შემტევის შესახებ თბილისის „ლოკომოტივთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და, სავარაუდოდ, შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო.

საბოლოოდ, თორნიკემ კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი აღარ გააფორმა და საქართველოშია. მას ტრავმა ჰქონდა, რეაბილიტაციას გადის და „ლოკომოტივს“ ბოლო ტურში „სამტრედიასთან“ ამიტომ არ დაეხმარა.

საქართველოს პირველ არხის ცნობით, თორნიკე კირკიტაძე ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალურად ვარჯიშობს და კარიერას „ლოკომოტივში“ გააგრძელებს.

24 წლის ფლანგის შემტევი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, მაგრამ გუნდში ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია. თავი პირველად საჩხერეს „ჩიხურაში“ იჯარით წასულმა გამოიჩინა, როგორც სწრაფმა და ძალიან სასარგებლო მოთამაშემ.

თბილისის „ლოკომოტივში“ 2019 წლის იანვარში ჩაირიცხა და განსაკუთრებით თავი გასულ წელს ევროპის ლიგაზე გამოიჩინა – ქარივით სწრაფმა მოთამაშემ რუმინულ „უნივერსიტატეას“ და მოსკოვის „დინამოს“ გადაულახავი პრობლემები შეუქმნა და დიდი როლი ითამაშა, გუნდმა ორი ეტაპი რომ გადალახა.

თორნიკე კირკიტაძემ „ლოკომოტივის“ ფორმით ეროვნულ ლიგაში 56 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.