კირ სტარმერი - უკრაინის საკითხი ეგზისტენციალური გამოწვევაა მთელი ევროპისთვის
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხი „ეგზისტენციალური გამოწვევაა“ მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ სტარმერმა პარიზში გამართული საგანგებო სამიტის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
„საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ უკრაინის მომავალი, ეს ეგზისტენციალური საკითხია მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა სტარმერმა და დასძინა, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებისთვისაც.
სტარმერის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი განცხადებები მოულოდნელი არ უნდა იყოს. როგორც ბრიტანეთის პრემიერმა განმარტა, პრეზიდენტი ტრამპი დიდი ხანია, გამოხატავს სურვილს, რომ ევროპამ გაზარდოს საკუთარი წვლილი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„დღევანდელი შეხვედრა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ გამოწვევაზე პასუხის გასაცემად“, – აღნიშნა სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შემდეგ აუცილებელია „აშშ-ის გარანტია“, რადგან „მხოლოდ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიას შეუძლია, ეფექტურად შეაკავოს რუსეთი უკრაინაზე ხელახალი თავდასხმისგან“.
„ევროპამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და მე მზად ვარ, განვიხილო ბრიტანული ძალების განთავსება უკრაინის მიწაზე სხვებთან ერთად, თუ იქნება მდგრადი სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ აუცილებელია აშშ-ის გარანტია, რადგან აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია არის ერთადერთი გზა, რომ ეფექტურად შევაკავოთ რუსეთი უკრაინაზე ხელახალი თავდასხმისგან. მე დღეს ნათლად განვაცხადე, რომ ბრიტანეთი აიღებს წამყვან პასუხისმგებლობას, როგორც ეს ყოველთვის გვიკეთებია, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მომავალი. ევროპას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მომავალი, ბრიტანეთს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მომავალი და დემოკრატიულმა ღირებულებებმა უნდა გაიმარჯვოს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
სტარმერის თქმით, ის მომავალ კვირას ვაშინგტონში გაემგზავრება ტრამპთან შესახვედრად. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ იგეგმება შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან, ხოლო უახლოეს დღეებში სტარმერი ზელენსკისთანაც ისაუბრებს.