„კიოლნის“ დირექტორი – ლოჩოშვილი ზუსტად ისეთი მცველია, როგორსაც ვეძებდით #1TVSPORT
გერმანული კლუბის, „კიოლნის“ მმართველმა დირექტორმა, თომას კესლერმა კომენტარი გააკეთა ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე, რომელიც გუნდს მეორე ბუნდესლიგის „ნიურნბერგიდან“ შეუერთდა.
„ძალიან გვიხარია, რომ შევძელით ლუკას დარწმუნება და ის ბუნდესლიგაში შემოგვიერთდა. მან ბოლო წლებში ფასდაუდებელი გამოცდილება დააგროვა და ზუსტად ისეთი მცველია, როგორსაც ვეძებდით – გამოირჩევა ხასიათით, წინააღმდეგობის გაწევის უნარითა და ფიზიკური მონაცემებით, განსაკუთრებით საჰაერო ორთაბრძოლებში.
ის ჩვენს დაცვას დამატებით სტაბილურობას შესძენს. როგორც მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელი, ცენტრალურ დაცვას შეავსებს და გუნდს კიდევ უფრო მეტ ხარისხს შემატებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ლუკა იდეალურად მოგვერგება როგორც სპორტული, ისე პიროვნული თვალსაზრისით. მოუთმენლად ველით მის ნახვას „კიოლნის“ ფორმაში“, – აღნიშნა თომას კესლერმა.